გაძვირდება თუ არა ბინები თბილისში - "საქართველოს მენაშენათა ასოციაციის" ხელმძღვანელის განმარტება

01-06-2020 15:20:36 ეკონომიკა

"საქართველოს მენაშენათა ასოციაციის" ხელმძღვანელი, არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი აცხადებს, რომ ბინების ფასის გაძვირების საკითხი კონკრეტულ პროექტზეა დამოკიდებული. ამის სესახებ მან „რუსთავი 2“–ის ეთერში თემის კომენტირებისას ისაუბრა.

მისი თქმით, ფასს ბაზარი არეგულირებს.

"ვერ გეტყვით. ეს არის დამოკიდებული კონკრეტულ პროექტზე. თბილისში დღეს შენდება 200-ზე მეტი სხვადასხვა ობიექტი. სხვადასხვა ხარისხის, სხვადასხვა მდებარეობის, სხვადასხვა ტიპის. ამას ბაზარი არეგულირებს, მაგას ვერავინ ვერ იტყვის, ანუ ეს წესები ყველაზე თანაბრად ვრცელდება. რაღაცა მოთხოვნადი იქნება, რაღაცა ნაკლებად მოთხოვნადი იქნება. რაღაცა არ იქნება მოთხოვნადი და სწორედ, მაგ შემთხვევაში არის, როცა სახელმწიფო ამბობს ვთქვათ, 1700-იანი ლიმიტი დაწესდა, რომელიც საშუალებას მისცემს, რომ რაღაცნაირად ისეთ დონეზე გაყიდოს, რომ ვალდებულება შეასრულოს. ამის უკან დგას ის ხალხი, რომლებსაც ბინები შეძენილი აქვთ და ისინიც არანაკლები გადამხდელები არიან გადასახადის," - განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.

ცნობისთვის: დაახლოებით 2 კვირაში მოქალაქეები ბინის შეძენას სახელმწიფოს სუბსიდირებით შეძლებენ: ბიუჯეტიდან 70 მილიონია გათვალისწინებული იმ პირებისთვის, ვინც წლის ბოლომდე ბინას შეიძენს. ამ თანხით მოხდება იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%–ის 5 წლის ვადით დაფინანსება. ამასთან, სახელმწიფო იპოთეკური სესხის 20%–ის გარანტორი ხდება და ამისთვის 14 მილიონია გამოყოფილი.

გარდა ამისა, სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ვერ გაყიდიან მათ საკუთრებაში არსებული ბინების 30%–ს, უძრავ ქონებას მათგან სახელმწიფო გამოისყიდის. ბინებს დევნილებს გადასცემენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები