რუსეთის თავდაცვის სამინისტრო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდას იწყებს

02-06-2020 13:31:06 ეს საინტერესოა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდისთვის 50 სამხედრო პირი შეარჩია, - იუწყება რუსული მედია. საუბარია ვაქცინაზე, რომელიც სამხედრო უწყების 48-ე სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მონაწილეობით შეიმუშავეს. მოხალისე სამხედროების პირველი ჯგუფი ინსტიტუტში უკვე 3 ივნისს იქნება გადაყვანილი, - წერს მედია სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაქცინის შემუშავებაში რუსეთის სამხედრო უწყებაც მონაწილეობს, აპრილის დასაწყისში გავრცელდა. ვაქცინის კლინიკურამდელი გამოცდები 1 ივნისისთვის უნდა დასრულებულიყო, - აცხადებდა მინისტრი სერგეი შოიგუ პრეზიდენტ პუტინთან თათბირებზე.

სამუშაოები რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით მიმდინარეობს. კლინიკური გამოცდის დასრულება ივლისის ბოლომდე იგეგმება.

22 მაისს აკადემიკოსმა ალექსანდრე გინცბურგმა განაცხადა, რომ მეცნიერებმა პოტენციური ვაქცინა თავის თავზე გამოსცადეს და გვერდითი ეფექტები არც ერთ მათგანს არ ჰქონია. ექსპერიმენტის მონაწილეთა ზუსტი რაოდენობა მას არ დაუსახელებია, თუმცა გაამხილა, რომ საუბარია ადენოვირუსის დნმ-ის საფუძველზე შექმნილ ვექტორულ ვაქცინაზე, რომელშიც ახალი კორონავირუსის გენია ჩაშენებული.

ვიცე-პრემიერი ტატიანა გოლიკოვა კი აცხადებდა, რომ მიმდინარეობდა მუშაობა კიდევ 47 პოტენციურ ვაქცინაზე და რომ მასობრივი ვაქცინაცია რუსეთში შეიძლება, უკვე შემოდგომაზე დაიწყოს.

იხილეთ ასევე: რატომ არ შეიძლება COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის გამოყენება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები