მედია – თბილისში სავარაუდოდ, არასრულწლოვანმა დედამ ახალშობილი ფანჯრიდან გადააგდო

02-06-2020 20:31:05

თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, სავარაუდოდ არასრულწლოვანმა დედამ ახალშობილი ფანჯრიდან გადააგდო, – იუწყება ტელეკომპანია „პირველი“.

მისივე ცნობით, შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

„როგორც თვითმხილველები აცხადებენ, კორპუსში მცხოვრები მეზობლები ერთ-ერთი ქალბატონის შემზარავმა ყვირილმა გააღვიძა. ეს იყო ქალბატონი, რომელმაც კორპუსის წინ იპოვა გარდაცვლილი ახალშობილი. არსებული ინფორმაციით, გოგონა 17 წლის არის და მისთვის ფეხმძიმობა არასასურველი იყო. მან სახლის პირობებში იმშობიარა რის შემდეგაც ბავშვის თავიდან მოშორების მიზნით ჩვილი ფანჯრიდან გადმოაგდო. მეზობლები ასევე შემზარავ ფაქტზე საუბრობენ და ყვებიან, რომ ადგილზე მოსულმა სამართალდამცავებმა ბავშვის ცხედარი პოლიეთილენის პარკში გაახვიეს და ის გადააგდეს სანაგვე ურნაში, რომელიც შემდეგ დასუფთავების სამსახურმა წაიღო“, – იუწყება ტელეკომპანია „პირველი“.

როგორც „აქცენტს“ შსს–ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სს კოდექსის 112 მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები