იტალიაში მატარებლით გადაადგილებისას მგზავრებისთვის ტემპერატურის გაზომვა სავალდებულო იქნება

02-06-2020 21:13:31 მსოფლიო

Covid-19-ის პრევენციის მიზნით იტალიაში მატარებლით გადაადგილებისას მგზავრებს ტემპერატურას გაუზომავენ. ამის შესახებ ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„მგზავრთათვის ტემპერატურის გაზომვა სავალდებულო იქნება. აღნიშნული მატარებელში მგზავრების ასვლამდე განხორციელდება. თუ რომელიმე მათგანს 37.5° C–ზე მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდება, მას მატარებელში არ დაუშვებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, უწყების ცნობით, საშუალო და შორ მანძილზე გადაადგილებისას მატარებლებში მგზავრებს საკვებსა და სასმელს ადგილზე მიუტანენ.

„მომსახურე პერსონალი პირბადეებითა და ხელთათმანებით იქნებიან აღჭურვილნი. საკვები კი შეფუთული იქნება“, – აცხადებენ უწყებაში.

იტალია ევროკავშირის სახელმწიფოებთან საზღვარს 3 ივნისს გახსნის და საერთაშორისო ფრენებიც სრულად აღდგება.

ბოლო პერიოდში იტალიაში Covid-19-ით გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მცირდება. უკანასკნელი მონაცემებით, დაავადებამ ქვეყანაში 33 530 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 233 515 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია ​160 092პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 377 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 370 000–ს გადააჭარბა, 2 905 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 796-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 634 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები