Accentnews.ge
IDFI - ბოლო 5 წელიწადში აშშ-ში ლობისტურ საქმიანობაზე საქართველოს ბიუჯეტიდან 5 მლნ დოლარზე მეტი დაიხარჯა

IDFI - ბოლო 5 წელიწადში აშშ-ში ლობისტურ საქმიანობაზე საქართველოს ბიუჯეტიდან 5 მლნ დოლარზე მეტი დაიხარჯა

03/06/2020 09:48:51 საშინაო პოლიტიკა

ბოლო 5 წელიწადში აშშ-ში ლობისტურ საქმიანობაზე საქართველოს ბიუჯეტიდან 5 მლნ დოლარზე მეტი დაიხარჯა, – ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) კვლევაშია ნათქვამი.

კვლევა მიმოიხილავს შეერთებულ შტატებში საქართველოს ლობისტურ საქმიანობას 2015-2020 წლებში, რაც მოიცავს დადებული ხელშეკრულებების ანალიზსა და საქართველოდან განხორციელებული ფაქტობრივი გადარიცხვების შესახებ ინფორმაციას.

კვლევის ძირითადი მიგნებები:

  • 2015-2020 წლებში აშშ-ში ლობისტურ საქმიანობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაიხარჯა, ხოლო იმავე პერიოდში პოლიტიკურმა პარტიებმა ჯამში ნახევარ მილიონ აშშ დოლარზე მეტი გადაიხადეს.
  • სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ ლობისტურ საქმიანობასა და იურიდიულ მომსახურებაში ჯამში 6,261,755.15 აშშ დოლარი გადაიხადა. თანხის რა ნაწილი დაიხარჯა უშუალოდ ლობისტურ საქმიანობაზე ცნობილი არ არის.
  • აშშ-ში ლობისტურ მომსახურებას საქართველოს პოლიტიკური პარტიებიდან მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ იღებს.
  • 2015-2020 წლებში საქართველოს მთავრობა 5 ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან თანამშრომლობდა და ჯამში 3,485,515 აშშ დოლარი გადაიხადა.
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ლობისტურ საქმიანობაში 2019 წელს ჩაერთო. 2019 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ლობისტურ კომპანია Hill and Knowlton Strategies-ს 1,660,469.30 აშშ დოლარი გადაუხადა.
  • 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, „ქართულმა ოცნებამ“ ლობისტური მომსახურების გასაწევად დაიქირავა კომპანია - Impact Management Group, რომელსაც 320,000 აშშ დოლარი გადაუხადა.
  • 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ორი ხელშეკრულება გააფორმა Hogan Lovells US LLP-სთან და DCI Group AZ, L.L.C.-სთან. „ქართულმა ოცნებამ“ ორივე კომპანიას ჯამში ერთ მილიონ აშშ დოლარზე მეტი უნდა გადაუხადოს. დღეის მდგომარეობით, „ქართულ ოცნებას“ ორივე კომპანიისთვის ჯამში გადახდილი აქვს 141,666 აშშ დოლარი.
  • „ქართული ოცნების“ მიერ ლობისტურ კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებები 2012, 2016 და 2020 წლებით თარიღდება, რაც წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა.
  • 2015-2020 წლებში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2 ლობისტურ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება. ბოლოს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკონსულტაციო მომსახურებისთვის 250,000 აშშ დოლარს იხდის.

„აშშ-ს კანონმდებლობა საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ზემოაღნიშნული ინფორმაცია. აშშ-ში მოქმედი ლობისტური კომპანიების მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები და მათ საფუძველზე მიღებული თანხები საჯაროა - ინფორმაცია ატვირთულია აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. სამწუხაროდ, საქართველოში ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი არ არის“, - ნათქვამია IDFI-ს კვლევაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S