
მედია: პირი, რომელმაც ვლადისლავ არძინბას სახლი დაცხრილა, სოხუმის საავადმყოფოდან გაიქცა
03/06/2020 11:09:39 კონფლიქტები
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პირი, რომელიც 29 მაისს ოკუპირებული აფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის – ვლადისლავ არძინბას სახლის დაცხრილვაში იყო ეჭვმიტანილი, სოხუმის საავადმყოფოდან გაიქცა.
ამასთან, რიგი წყაროები იუწყებიან, რომ ეჭვმიტანილი უბრალოდ “საავადმყოფოს კარიდან გავიდა” და გაქცევისთვის დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია.
შეიარაღებული ინციდენტი სოფელ ქვემო ეშერაში 29 მაისს, მალევე მოხდა მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა გასული წლის დეკემბერში სოხუმის სანაპიროზე ორი “კრიმინალური ავტორიტეტის” მკვლელობაში ეჭვმიტანილი მეოთხე პირი – ერიკ ჭკადუა დააკავეს.
საქმე ისაა, რომ დეკემბერში მოკლული “კრიმინალური ავტორიტეტებიდან” ერთ-ერთი ვლადისლავ არძინბას ნათესავი იყო. ამდენად, ის, რაც ბოლო დღეებში ოკუპირებულ რეგიონში ხდება, ე.წ. კლანური გარჩევების სერიიდანაა.