Accentnews.ge
ადვოკატის განცხადებით, რურუა მზადაა, თორაძეების საქმეზე შეკითხვებს უპასუხოს

ადვოკატის განცხადებით, რურუა მზადაა, თორაძეების საქმეზე შეკითხვებს უპასუხოს

03/06/2020 14:55:14 სამართალი

„მთავარი არხის“ წილის მფლობელის გიორგი რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზადაა, უპასუხოს პროკურატურის შეკითხვებს „თორაძეების საქმის“ შესახებ.

მისი თქმით, ამ საქმეზე გიორგი რურუასთვის გამოძიებას არ მიუმართავს:

"ჩვენთან ამ საკითხზე კომუნიკაცია არავის ჰქონია. ცხადია, თუკი, კითხვები ექნებათ და ოფიციალური მომართვა მოხდება საგამოძიებო ორგანოების მხრიდან, ცხადია, ჩვენ ყველა კით​ხვას აუცილებლად პასუხს გავცემთ", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

მისი თქმით, თორაძეების საქმეში გიორგი რურუას დადანაშაულება ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ბინძური კამპანიის ნაწილია.

თორაძეების ოჯახის წევრების მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გენერალურმა პროკურატურამ სამართლებრივი დახმარების თხოვნით ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის ორგანოებს მიმართა და ამის შესახებ განცხადება 2 ივნისს გაავრცელა.

პროკურატურის თანახმად, თამარ თორაძე, რომელიც საქართველოს გენერალური პროკურატურისგან 28 წლის წინ მომხდარი მკვლელობის გამოძიების დაწყებას ითხოვს, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა და აშშ-ში ცხოვრობს და მისი დაკითხვისთვის საქართველოს პროკურატურას ამერიკელი კოლეგების დახმარება დასჭირდა.

თამარ თორაძე თავისი ძმების მკვლელობაში „მთავარი არხის“ წილის მფლობელს გიორგი რურუას და მის დაჯგუფებას ადანაშაულებს. მისი თქმით, იგი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით კი არა, მკვლელობების გამო უნდა იყოს გასამართლებული. ამის თაობაზე თამარ თორაძემ სენატორ ჯიმ რიშს ღია წერილით მიმართა. მანვე 17 მაისს მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით ფეისბუკში ვიდეომიმართვა გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და პროკურატურის სახელზე.

ტრაგედია, რომლის შედეგადაც თორაძეების ოჯახის 5 წევრი დაიღუპა, 2 კი გაუჩინარდა, 1992 წლის მარტში მოხდა.

ტელეკომპანია "მთავარი არხის" წილის მფლობელი გიორგი რურუა 2019 წლის ნოემბერში, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მას ბრალად ედება იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გიორგი რურუა ყალბი ბრალდებით დაკავებული პოლიტპატიმარია და მის გათავისუფლებამდე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაგრძელდა გიორგი რურუას სასამართლო პროცესი, რომელზეც ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S