Accentnews.ge
„როგორ შეძლო 9 შეიარაღებულმა პირმა სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთა იმავე ადგილას, საიდანაც ჩატაევი შემოვიდა?!“

„როგორ შეძლო 9 შეიარაღებულმა პირმა სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთა იმავე ადგილას, საიდანაც ჩატაევი შემოვიდა?!“

03/06/2020 17:18:45 სამართალი

აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ბათუმში დაკავებული თურქეთის ცხრა მოქალაქის საქმეს „გრიფი“ იმიტომ კი არ ადევს, რომ ისინი რომელიმე ტერორისტული ორგანიზაციის წევრები არიან, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტია გამოსაძიებელი.

„ამის თქმის უფლებას იძლევა ის ინფორმაცია, რაზეც უკვე 2 დღეა, ღიად და დაუფარავად წერს თურქული მედია. ამ ინფორმაციების მიხედვით, დაკავებულთა შორისაა ცნობილი თურქი კრიმინალი და დაჯგუფების ლიდერი ბინალი ჯამგოზი (რომელიც 2008 წელს ერთ-ერთი თავდასხმის შემდეგ წელსქვევით მოწყვეტილია). ბათუმში ამ 9 კაცის დაკავების პარალელურად თურქულმა პოლიციამ იზმირში დააკავა ამავე დაჯგუფების კიდევ 40-მდე წევრი. ამ დაჯგუფებას ბრალად ედება მინიმუმ 13 ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობა (მათ შორის, თავდასხმა ერთ-ერთი მერის მოადგილეზე). დიდი ალბათობით, ქართველ სამართალდამცავებს ინფორმაცია თურქმა კოლეგებმა მიაწოდეს. ახლა მთავარი გასარკვევი საკითხია, თუ როგორ შეძლო 9 შეიარაღებულმა პირმა (მათ შორის წელსქვევით მოწყვეტილმა ადამიანმა) საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის შეუმჩნევლად გადმოკვეთა (თან იმავე ადგილას, საიდანაც ჩატაევი და მისი რაზმი შემოვიდა თავის დროზე) და ასევე შეუმჩნევლად ცხოვრება შუა ბათუმში მთელი 6 თვის განმავლობაში“,– აცხადებს ბატიაშვილი.

ცნობისთვის: ბათუმში თურქეთის მოქალაქეების დაკავების შესახებ ცნობილი 3 ივნისს გახდა. დაკავებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა ედებათ.

სამი ბრალდებულის ადვოკატი დათუნა მოდებაძე ამბობს, რომ გასაჩივრების საკითხზე მას შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, რაც განჩინებას ჩაიბარებს.

„ბუნებრივია, პროკურორმა ვერ დაასაბუთა ვერცერთი საფრთხე, საუბარია როგორც ახალი დანაშაულის ჩადენაზე, ასევე მტკიცებულებების განადგურებაზე. ძირითადი აქცენტი მიმალვის საფრთხეზე იყო გადატანილი. პროკურორი ბრალში უთითებს, რომ ეს პირები 2018 წლიდან არიან საქართველოში შემოსულები, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არსად წასულან. უფრო მეტიც, მათ ბინა ბათუმში ჰქონდათ ნაქირავები და ამ ბინის მეპატრონეებთან სამოქალაქო ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული იჯარის თაობაზე, თან თავიანთი სახელითა და გვარით. როგორ ფიქრობთ, თუ პირი იმალება და ფიქრობს, რომ საზოგადოებაში არ გამოჩნდეს, ასეთ ხელშეკრულებას გააფორმებს, ქუჩაში ივლის და მეუღლეს, შვილებს ჩამოიყვანს?!“, - თქვა დათუნა მოდებაძემ.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ერთ-ერთ ბრალდებულს დაკავებამდე საქართველოს სახელმწიფოსთვის თავშესაფრის მოთხოვნით ჰქონდა მიმართული.

„თავშესაფარს სხვა ქვეყნის მოქალაქე სხვა ქვეყანაში იმის გამო ითხოვს, რომ თავის ქვეყანაში აქვს პრობლემა. თუ რა პრობლემები ჰქონდა, ეს არც საქმეშია და ამაზე არც ბრალდებულს უსაუბრია. ინფორმაცია, რომ რომელიმე პიროვნება რომელიმე ქვეყანაში იძებნება, საქმეში არ დევს“, - დასძინა მოდებაძემ.

დამცველმა, ასევე, ილაპარაკა იარაღის ფლობის საკითხზე და განმარტა: „იარაღზე საერთოდ ნუ ვსაუბრობთ, ბრალში არ აქვთ ეს წარდგენილი. იარაღთან დაკავშირებით საუბრობს პროკურატურა, თუმცა, ჯერ არ არის ექსპერტიზა ჩატარებული, ეს არის თუ არა ნამდვილად ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე არ ფიქსირდება, იარაღი ამ ცხრიდან რომელს ეკუთვნოდა, ან ასეთი იარაღი თუ არსებობდა საერთოდ“.

პროკურორი მაია სილაგაძე ამბობს, რომ ბრალდების მხარისთვის ცნობილია დაახლოებითი პერიოდი (2019 წლის დეკემბერი ან 2020-ის დასაწყისი), როდესაც ბრალდებულები საქართველოში შემოვიდნენ. „ჩვენ, როდესაც მივიღეთ კონკრეტული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული პირები იმყოფებოდნენ ბათუმში და უკანონოდ ჰქონდათ საზღვარი გადმოკვეთილი, რა თქმა უნდა, მაშინვე გავატარეთ შესაბამისი საპროცესო ღონისძიებები და აღვკვეთეთ მათი დანაშაულებრივი ქმედება“, - აღნიშნა პროკურორმა.

სილაგაძე ამბობს, რომ დაკავებულების სახლების ჩხრეკის შედეგად რამდენიმე ცეცხლსასროლი პისტოლეტი იქნა ამოღებული ვაზნებთან ერთად და ამ კუთხითაც მიმდინარეობს გამოძიება. „იარაღების კუთვნილებასთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, ასევე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. კონკრეტული მტკიცებულებების შემდეგ, კონკრეტულ პირებს ბრალი წარედგინებათ“, - განმარტა მან.

შეკითხვაზე, ჰქონდათ თუ არა ბრალდებულებს სუს-ის თანამშრომლისგან სახლი ნაქირავები, პროკურორი პასუხობს, რომ ამასთან დაკავშირებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ ისაუბრებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S