შსს გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

03-06-2020 21:50:57 სამართალი ,რეკლამა

გლდანის ხევში ახალშობილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გამოძიება გრძელდება ყველა შესაბამისი ვერსიის გადამოწმებისა და რელევანტური მტკიცებულებების შეგროვების მიზნით.

"2020 წლის 2 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების მიერ შემოვიდა შეტყობინება, რომ ნაპოვნი იქნა ჩვილი.

შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში პოლიცია შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით, რაც დედის მიერ მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, შემდგომი საექსპერტო კვლევისთვის ახალშობილის ცხედარი გადასვენებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხნენ შესაბამისი პირები, რომლებიც, შესაძლოა, ფლობდნენ რაიმე ინფორმაციას შემთხვევის შესახებ. მათ შორის, მოწმის სახით, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მონაწილეობით გამოიკითხა არასრულწლოვანი გოგონა. საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება გრძელდება ყველა შესაბამისი ვერსიის გადამოწმებისა და რელევანტური მტკიცებულებების შეგროვების მიზნით.

რაც შეეხება ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არასრულწლოვანი გოგონას დაკავებასთან, ასევე, პოლიციის თანამშრომლის მიერ ახალშობილის ცხედრის გადაგდებასთან დაკავშირებით, არის დეზინფორმაცია.

მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, რომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესიდან და საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, აღნიშნული თემის გაშუქებისას დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი მოთხოვნები და არ მოახდინონ არასრულწლოვნის უფლებების შელახვის პროვოცირება," - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები