
"ბოდიშს ვუხდი ამ გოგოებს" - ბათუმის საკრებულოს წევრი მაშველი ქალების შესახებ სექსისტურ განცხადებაზე
14/06/2019 11:10:24 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ბათუმის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ნოდარ დუმბაძემ ბოდიში მოიხადა იმ სექსისტური კომენტარის გამო, რომელიც მაშველ გოგონებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გააკეთა.
"ნამდვილად არ იყო წინასწარგანზრახული, რომ სექსისტური განცხადება გამეკეთებინა. ხუმრობა იყო. თუ ჩემი ხუმრობით და კომენტარით მივაყენე შეურაცხყოფა მე ბოდიშს ვუხდი ამ გოგოებს" - განაცხადა დეპუტატმა.
„ზატო ხელოვნური სუნთქვა ეცოდინებათ“, – ამ კომენტარის გამო დღეს დუმბაძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის“ პროგრამების ხელმძღვანელი რომა დოლაბერიძე. მან აღნიშნა, რომ საკრებულოს სხდომაზე სწორედ ნოდარ დუმბაძის მხრიდან დისკრიმინაციული განცხადების გასაპროტესტებლად მივიდა, თუმცა სხდომაზე გამოსვლის საშუალება არ მიეცა.
„შენ, როგორც საკრებულოს წევრს, ეს არ უნდა გაგეკეთებინა“, – მიმართა დოლაბერიძემ დეპუტატს.
შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 2019 წლიდან პირველად მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ქალი მაშველებიც იზრუნებენ. ისინი ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები არიან. 20-მდე ახალგაზრდა ქალს ფიზიკური მომზადების ნორმატივი უკვე ჩაბარებული აქვს.
ქალების მიმართ საზოგადოების ნაწილმა სექსისტური დამოკიდებულება გამოიჩინა. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა მაშველები ჩაცმულობისა და ნაკლები სექსუალურობის გამო გააქილიკეს.