რისი იმედი აქვთ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მაცხოვრებლებს პანდემიის დროს

04-06-2020 13:26:02 ანალიზი

3 ივნისს ოკუპირებულ აფხაზეთში დაბრუნებულ 7 კურსანტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი მოსკოვში, ე.წ „ემ-ჩე-ეს“-ის ხაზით სწავლობდნენ.

ამ დროისთვის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 8 აპრილს დადასტურდა. გაგრის მაცხოვრებელი მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ აღმოჩნდა დაინფიცირებული. ის კორპუსი, რომელშიც მამაკაცი ცხოვრობდა, ადგილობრივმა მილიციამ გადაკეტა. 20 აპრილს კი გარდაიცვალა 95 წლის ქალი, რომელიც კარანტინზე ჩაკეტილ კორპუსში ცხოვრობდა. 10 აპრილს კორონავირუსული ინფექცია იმ ექვს სტუდენტს დაუდასტურდა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ჩავიდა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელმძღვანელობა რუსეთთან უკანონო საზღვრის ჩაკეტვას არ ჩქარობდა, რადგან საფრთხეს მხოლოდ ენგურის მხრიდან ხედავდა, თუმცა ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის ოლქში ეპიდემიოლოგიური კუთხით უმძიმესი ვითარებაა. 24 მაისის მონაცემებით, ჩრდილო ოსეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა.

როგორც აღმოჩნდა, კრემლი რეალურ დახმარებას ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს არ უწევს მაშინ, როცა იტალიაში დასახმარებლად თვითმფრინავებს აგზავნის. უკვე მაშინ, როცა პანდემია მძლავრობდა, დაღესტნის სოფლებში უხუცესი მოქალაქეები ერთი მეორეს მიყოლებით იღუპებოდნენ, ხოლო საქველმოქმედო ორგანიზაციები მედიკოსებისთვის დაცვის საშუალებებისთვის საჭირო თანხების შესაგროვებლად კარდაკარ დადიოდნენ. ამავე დროს, მედპერსონალის გარდაცვალების სიმრავლით, რუსეთის ფედერაციაში დაღესტანი ლიდერობს. ცოტა ხნის წინ რუსულ მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მედდები, რომლებსაც გადასხმის აპარატები აქვთ შეერთებული, საავადმყოფოს „ჩულანში“ წვანან.

1-ელი ივნისისთვის კორონავირუსის შემთხვევები ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში 18083-მდე გაიზარდა, ვირუსს 445 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 40-ზე მეტი მედიკოსია. ამასთანავე, აღრიცხულია, რომ პნევმონიისგან დაღესტანში 820 ადამიანია დაღუპული.

ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა კორონავირუსის პანდემია. კრემლს კი მისთვის, ალბათ, არც ეცალა ან ჩეჩნების სიცოცხლე არც დიდად ადარდებდა. კადიროვის ერთ-ერთმა გამონათქვამმა ინტერნეტსივრცეში დიდი რეზონანსი გამოიწვია: „იმუნიტეტის გასაძლიერებლად, წყალში ლიმონი და თაფლი გააზავეთ და იჯექით სანამ (სიკვდილის) დრო არ მოგიწევთ. ჭამეთ ნიორი, სუფთა სისხლი გექნებათ“, - თქვა მან. რამდენიმე დღის წინ კი ერთ-ერთ თათბირზე ხელში ჩარჭობილი კათეტერით გამოჩნდა, ხოლო მას მერე კი, რაც რუსულ მედიაში მისი დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, განაცხადა, რომ უფლება აქვს, იმუნიტეტი და გემოგლობინი აიმაღლოს. როგორც ჩანს, ლიმონიანმა და თაფლიანმა წყალმა, რომლისთვისაც თავისი თანამემამულეები გაწირა, მას არ უშველა. ამასობაში ჩეჩნეთში 50-ზე მეტი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი დაიღუპა, რადგან აქაც დაცვის საშუალებების დიდი პრობლემა და ელემენტარული მოუმზადებლობა გამოიკვეთა - არ ჰქონდათ სამედიცინო ნიღბები, ხელთათმანები, სპეცაღჭურვილობა, ხალათები და სხვა. დაღუპულთა შორის ორსული მედდაც იყო.

თუ შუაგულ რუსეთში მდებარე ქალაქ კურსკის მედიკოსების ერთ ნიშანდობლივ წერილს გავეცნობით, ადვილად მივხვდებით იმ რეალობას, რომელიც დღეისთვის რუსეთის ფედერაციაში შეიქმნა. შესაბამისად, გასაგები გახდება, თუ რამდენად უიმედო სიტუაციაში უნდა იყვნენ ის დე ფაქტო წარმონაქმნები თუ პროქსი ხელისუფლებები, რომლებიც ასეთი დიდი იმედით შეჰყურებენ თვალებში კრემლის „ეფექტურ კონტროლს“. 20 მაისს კურსკის ინტერნეტტელევიზიამ გამოაქვეყნა საოლქო საავადმყოფოს მედიკოსების წერილი. ისინი წერენ, რომ 1-ელი მაისიდან ნეიროქირურგიულ განყოფილებაში მუდმივად ფიქსირდება კორონავირუსით დაინფიცირება პაციენტებსა და პერსონალს შორის: „ადმინისტრაციის მხრიდან არ იყო გატარებული ზომები დეზინფექციის, დაავადებულ და ჯანმრთელი თანამშრომლების განცალკევების კუთხით, თანამშრომლებს არ მიეწოდათ ინდივიდური დაცვის საშუალებები საჭირო რაოდენობით, კვირაში ერთხელ არ ხდებოდა ტესტების ჩატარება. ამას გარდა, არ ხდებოდა საკონტაქტო პირების გამოვლენა, არ მოხდა დაავადებულებთან კონტაქტში მყოფი ექიმებისა და პერსონალის გაყვანა და სხვა.“ ამ და სხვა შემთხვევებშიც რუსი ჩინოვნიკები და კლინიკების ხელმძღვანლები უარყოფენ პრობლემების არსებობას.

როგორც „ეხო კავკაზა“ იუწყება, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში 3 ივნისს კორონავირუსით დაინფიცირების 3 შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებულებში ორი კურსანტია, ხოლო ერთი - სანიტარი. ამგვარად, ამ დროისთვის ცხინვალის ინფექციურ საავადმყოფოში 14 დაინფიცირებული იმყოფება, აქედან 7 კურსანტი, ვლადიკავკაზიდან დაბრუნებული 5 პირი, 1 სამხედრო მოსამსახურე და 1-იც მედპერსონალის თანამშრომელი. მთლიანობაში კი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი 45 დადასტურებულ შემთხვევაზე საუბრობს. მანამდე კი დე ფაქტო რესპუბლიკაში 250-მდე კურსანტი დაბრუნდა, რომელიც რუსეთის ფედერაციის სამხედრო დაწესებულებებში სწავლობს. ისინი ორკვირიან კარანტინში მოათავსეს. როგორც ცოტა ხნის წინ „ბი-ბი-სი“ წერდა, ცხინვალში ამბობენ, რომ მზად არიან ეპიდემიის პირველი ტალღის შესახვედრად, თუმცა პრობლემა სპეციალისტების არარსებობაა. დე ფაქტო რესპუბლიკაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 26 აპარატია, თუმცა თითზე ჩამოსათვლელია ის სპეციალისტი, რომელმაც მათთან მუშაობა იცის. ამასთანავე, აპრილის დასაწყისში მედიაში მოხვდა ცხინვალის საავადმყოფოს ქირურგის, ვლადისლავ ვალიევის განცხადება. ის მორიგეობაზე გასვლაზე უარს აცხადებდა, რადგან არ უზრუნველყვეს ნიღბით, ხელთათმანებით, სათვალითა და დამცავი კომბინიზონით. ასევე, საინტერესოა ინფორმაცია, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. რუსეთში მცხოვრებმა ოსმა აქტივისტმა, ლანა პარასტაევამ საზოგადოებას საჯაროდ მიმართა. მისი თქმით, ცხინვალში ინდივიდური დაცვის საშუალებების დიდი დეფიციტია. ყველაზე საშიშ „წითელ“ ზონაში ექიმები ნაჭრის კოსტუმებში, სახის დამფარი ნიღბების გარეშე შეყავთ. თითოეულისთვის გათვალისწინებულია სულ რაღაც სამი ნიღაბი და ერთი რესპირატორი მთელი კვირის განმავლობაში, თუმცა ეს რესპირატორები ეფექტური მხოლოდ პირველი 6 საათის მანძილზეა. ამიტომ პარასტაევა მეგობრებს თანხის შეგროვებას სთხოვდა, რათა ცხინვალელი მედიკოსებისთვის ელემენტარული დაცვის საშუალებები ეყიდათ და მოსკოვიდან კერძოდ გაეგზავნათ. ასევე, ირკვევა, რომ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში, რომლის რემონტითაც ასე ამაყობდა სეპარატისტული ხელისუფლება, წლის დასაწყისიდან არ მუშაობდა ერთადერთი კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი. რამდენიმე დღის წინ ჩამოიყვანეს ასევე სეპარატისტული დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკიდან სპეციალისტი და შეაკეთებინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „სპუტნიკ ასეტია“ ამაყად ავრცელებს.

თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ახლა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების 75-ე წლისთავის აღნიშვნის აღლუმისთვის ემზადება, გასაგები ხდება, თუ საით იხრება მათი „ხელისუფლების“ პრიორიტეტები და რა უფრო მნიშვნელოვანი - აშკარად არა ადამიანების სიცოცხლე, რაკი პუტინმა რაც ბრძანა, უნდა შესრულდეს. პანდემია თუ არ დასრულდება? მერე რა!

გელა სვანიძე

ახალი ამბები

სხვა სიახლეები