
პეტიცია: “ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, განიხილოს მეზობელი ქვეყნის დახმარება ასეთ რთულ დროს"
04/06/2020 13:32:47 კავკასია
კორონავირუსის პანდემიის მიმართულებით საქართველოს მხრიდან სომხეთის დასახმარებლად პეტიცია შეიქმნა. პეტიციის მიხედვით, მეზობელი ქვეყნის დახმარებაში სომხეთისთვის პაციენტების საქართველოში მკურნალობის შეთავაზება იგულისხმება.
“ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, რომ განიხილოს მეზობელი ქვეყნის დახმარება ასეთ რთულ დროს. დახმარებაში ვგულისხმობთ სომხეთისთვის შეთავაზების გაკეთებას მათი პაციენტების საქართველოში მკურნალობასთან დაკავშირებით. ვთვლით, რომ ეს იქნება სწორი ნაბიჯი მეზობელი სახელმწიფოს დასახმარებლად და რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამოსასწორებლად”, – წერია პეტიციაში.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრში მიმართვის შემთხვევაში დახმარებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.
4 ივნისს სომხეთის ჯანდაცვის უწყებამ ბოლო 24 საათში Covid-19-ით ინფიცირების 697 ახალი შემთხვევა დაადასტურა. ეს ერთ დღეში გამოვლენილი შემთხვევების მორიგი „ანტირეკორდია“. ბოლო მონაცემებით, ჯამში, 11,221 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ნიკოლ ფაშინიანმა 4 ივნისს განაცხადა, რომ „სიტუაცია უარესდება“ და ახლა უკვე არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ, თუმცა მათ ჰოსპიტალიზაციას დროულად ვერ მოახერხებენ, რადგანაც კლინიკები გადატვირთულია.
ფაშინიანის თქმით, მთავრობის დაშვებით, „დღეს დაახლოებით 20 000 ინფიცირებული ადამიანია ქვეყანაში, რომლებმაც არ იციან, რომ ინფიცირებულები არიან, ეს არც მათ გარშემო მყოფებმა იციან და ეს ადამიანები ხდებიან ინფექციის ძირითადი გამავრცელებლები“.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კიდევ უფრო მძიმე შედეგებისგან თავის ასარიდებლად, „ახლანდელი სიტუაცია საჭიროებს, რომ ყოველი მოქალაქე სხვებს მოეპყრას ისე, როგორც ინფექციის პოტენციურ მატარებელს“.
სომხეთში Covid-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა პირველ მარტს დადასტურდა. აპრილის დასაწყისში ახალი შემთხვევების რიცხვმა გარკვეულწილად კლება დაიწყო, თუმცა აპრილის შუა რიცხვებიდან კვლავ დაიწყო ზრდა. 4 მაისს, იმის მიუხედავად, რომ ზრდის ტენდენცია შენარჩუნებული იყო, სომხეთმა საგანგებო მდგომარეობა გააუქმა.