NASA “როსკოსმოსს” საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტის ტრასპორტირებაში $90 მლნ-ს გადაუხდის

04-06-2020 18:05:19 ეს საინტერესოა

აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ (NASA) ასტრონავტი ქეთლინ რუბინსი დანიშნა ექსპედიციაში, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ხომალდ “სოიუზით” კოსმოდრომ “ბაიკონურიდან” გაემგზავრება. მის ტრანსპორტირებაში “როსკოსმოსი” 90 მლნ დოლარს მიიღებს, - აცნობა NASA-ს წარმომადგენელმა ჟურნალ Forbes-ს.

30 მაისს ილონ მასკის კომპანია “SpaceX”-მა პირველად გაუშვა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ორი ასტრონავტი. ამერიკული წარმოების რაკეტითა და კოსმოსური ხომალდით მათი ტრანსპორტირება NASA-ს 55 მლნ დოლარი დაუჯდა. ამ გაშვების შემდეგ “SpaceX”-მა მიიღო უფლება, განმეორებით გამოიყენოს “ქრიუ დრაგონი” და რაკეტა “ფალკონ 9”-ის პირველი დონე ასტრონავტების ტრანსპორტირებისთვის, რამაც შესაძლოა, სამომავლოდ მსგავსი გაშვებები გააიაფოს, - წერს ჟურნალისტი მაიკლ ბეილორი.

30 აგვისტოს კი “SpaceX” საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სამი ამერიკელი და ერთი იაპონელი ასტრონავტის გაშვებას გეგმავს. “ქრიუ დრაგონს” ბორტზე სულ 7 ადგილი აქვს, თუმცა NASA-სთან გაფორმებული კონტრაქტით მათგან მხოლოდ ოთხია დაკავებული, დანარჩენს დაიკავებს ტვირთი, - განაცხადა სააგენტოს წარმომადგენელმა და დასძინა, რომ სააგენტო იმედოვნებს, მომავალი წლიდან საქმეს რუსული ხომალდების გარეშე გაართვას თავი.

  • "ქრიუ დრაგონი" NASA-სთვის შემუშავებული ერთადერთი კერძო პილოტირებადი კოსმოსური ხომალდი არაა. შემოდგომისთვის დაგეგმილია კონკურენტი ხომალდის – კორპორაცია Boeing-ის მიერ შემუშავებული “სთარლაინერის” გაშვება. გასული წლის დეკემბრის წარუმატებელი ფრენის შემდეგ ეს გაშვება უპილოტო რეჟიმში განხორციელდება.
  • გასულ ხუთშაბათს “SpaceX”-მა Starlink-ის თანამგზავრებით რაკეტმზიდ “ფალკონ-9”-ის გაშვება განახორციელა. ეს სტარტი რაკეტმზიდის ერთი და იგივე პირველი დონის რეკორდულ – მეხუთე განმეორებით გამოყენებად იქცა. ახლა კომპანიამ მიზნად დაისახა, ერთი და იგივე დონე ათჯერ გამოიყენოს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები