
ბაგებში სისხლიან გარჩევაში მონაწილე ორი პირი დააკავეს
05/06/2020 05:57:03 სამართალი
პოლიციამ ბაგებში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე, რასაც 2 ადამიანის დაჭრა მოყვა, ორი პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
პოლიციამ ნივთმტკიცებად დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოიღო.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.ხ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1988 წელს დაბადებულ ვ.კ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მ.გ.-მ დანის და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებები 1980 წელს დაბადებულ გ.წ.-ს და 1994 წელს დაბადებულ ი.პ.-ს მიაყენა.
სამართალდამცველებმა, მ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღები – დანა და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
მ.ხ.-ს მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
მ.გ.-ს მიმართ კი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა – შენახვა- ტარებას გულისხმობს” , -აცხადებენ შსს-ში.