
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ-ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
05/06/2020 09:17:31 კონფლიქტები
გასული დღე-ღამის განმავლობაში ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ახალი ტიპის კორონავირუსი კიდევ 12 მოქალაქეს დაუდგინდა. ყველა მათგანი რუსეთის სამხედრო სასწავლებლებიდან დაბრუნებული კურსანტია.
“იუგოსპოტრებნადზორის” უფროსის მოადგილის ანა გაგლოევას ინფორმაციით, ტესტირება გასული დღე-ღამის განმავლობაში 27 პირს ჩაუტარდა, მთლიანობაში ეპიდემიის დაწყების დღიდან კი – 1529-ს.
მისივე ინფორმაციით, ცხინვალის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 26 პაციენტი იმყოფება, მათ შორის - 19 კურსანტი, ვლადიკავკაზიდან დაბრუნებული 5 მოქალაქე, ერთი რუსი სამხედრო და ერთი მედიკოსი.
სულ კი ეპიდემიის დაწყების მომენტიდან ოკუპირებულ რეგიონში 57 ინფიცირებულია აღრიცხული, მათგან სადღეისოდ 31 გამოჯანმრთელდა.