Accentnews.ge
NGO-ები საქართველოს მთავრობას სომხეთის დახმარებისკენ მოუწოდებენ

NGO-ები საქართველოს მთავრობას სომხეთის დახმარებისკენ მოუწოდებენ

05/06/2020 09:41:10 კავკასია, საზოგადოება

10 საზოგადოებრივი ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს სომხეთის მოქალაქეებს და ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული საგანგაშო ვითარების გამო და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაეხმაროს მეზობელი ქვეყნის მოსახლეობას.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხრიდან მხარდაჭერის მზადყოფნა გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა საჯარო განცხადებაში დაადასტურა. არსებითია, ეს დახმარება დროულად და სომხეთის საჭიროებების მიხედვით სათანადოდ განხორციელდეს. ჩვენი რწმენით, კორონავირუსით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური კრიზისი დაძლევადი მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობის პირობებში შეიძლება გახდეს და მნიშვნელოვანია ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენი რესურსების ფარგლებში, სოლიდარობის ამგვარი პოზიტიური პრაქტიკა შექმნას“, - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

ერთობლივი განცხადების თანახმად, სამედიცინო რესურსებსა და მარაგებზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები მათ აფიქრებინებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას სომხეთისთვის ხელშესახები დახმარების გაწევა შეუძლია. განცხადების თანახმად, კორონავირუსით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური კრიზისის დაძლევა მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობის პირობებშია შესაძლებელი და მნიშვნელოვანია საქართველომ, თავისი რესურსების ფარგლებში სოლიდარობის ამგვარი პოზიტიური პრაქტიკა შექმნას.

ამასთან საზოგადოებრივი ორგანიზაციები გამოხატავენ მზადყოფნას, თავიანთი მანდატისა და რესურსების ფარგლებში დახმარება აღმოუჩინონ კოლეგებს.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

ღია საზოგადოების ფონდი საქართველოში (OSGF)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

თანასწორობის მოძრაობა

კავშირი საფარი

პლატფორმა სალამი (Salam)

გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში ახალი კორონავირუსის 596 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 7 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობაა 11 817, გარდაცვლილია 183.

ცნობისთვის: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა 4 ივნისის მდგომარეობით, მსგავსი თხოვნით სომხეთს საქართველოსთვის არ მოუმართავს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მსგავსი შინაარსით მოქალაქეების პეტიციაც გავრცელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S