
ვარკეთილში მომხდარი შეიარაღებული ინციდენტის დეტალები
05/06/2020 10:03:25 სამართალი
თბილისის სამმართველოს ხელმძღვანელის ვაჟა სირაძის ინფორმაციით, შეიარაღებულ მამაკაცთან, რომელიც ვარკეთილში, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზეა ჩაკეტილი, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
მისი თქმით, მოლაპარაკებები ხორიელდება როგორც პირადად, ისე სატელეფონო საშუალებით, ხოლო მოქალაქეების უსაფრთხოება, მათ შორის ოჯახის წევრების, დაცულია.
როგორც ცნობილია, მამაკაცს მოთხოვნები არ აქვს.
„პიროვნება შეიარაღებულია. სავარაუდოდ, იმყოფება არაფხიზელ მდგომარეობაში. პირველ სართულზეა ჩაკეტილი, სადანაც უმისამართოდ რამდენიმე გასროლა განახორციელა. სამართალდამცველები მობილიზებულები არიან პერიმეტრზე, მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია. არავინაა დაშავებული. ოჯახის წერები უსაფრთხო მდგომარეობაში არიან“,– განაცხადა სირაძემ.
ცნობისთვის: არსებული ინფორმაციით, 45 წლამდე მამაკაცს ბინაში ჩაკეტვამდე კონფლიქტი მოუვიდა შვილებთან და მათ შესაშინებლად ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლა. მეზობლები აცხადებენ, რომ მამაკაცი მონადირეა და მას იარაღი რეგისტრირებული აქვს.