
სროლა ვარკეთილში: მამაკაცზე შემაკავებელი ორდერი იყო გამოწერილი
05/06/2020 11:24:24 სამართალი
ორ საათზე მეტია, პოლიცია 45 წლამდე შეიარაღებულ კაცთან, რომელიც ვარკეთილში, საკუთარ ბინაშია ჩაკეტილი, მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც ცნობილია, მამაკაცს არანაირი მოთხოვნა არ აქვს.
აღნიშნული პირის შესახებ დეტალები გახდა ცნობილი. კერძოდ, მისი სახელი და გვარია დავით ივანოვი, რომელიც თბილისში საცხოვრებლად კახეთიდან ოჯახთან ერთად გადმოვიდა. ამასთან, როგორც უფლებადამცველი დავით ცინცქილაძე ივანოვებზე დაყრდნობით აცხადებს, წარსულში მამაკაცს ოჯახური ძალადობისთვის სამართალდამცველებმა შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, თუმცა ამ დროისთვის მისი მოქმედების ვადა ამოწურულია.
ცინცქილაძე აცხადებს, რომ პოლიციის განყოფილებაში სხვა საქმეზე იმყოფებოდა, როდესაც სამართალდამცველებს დახმარების თხოვნით 16 წლის ვაჟმა და 23 წლის ქალმა მიმართა.
მათთან კომუნიკაციისას გაირკვა, რომ მამა – 45 წლის ივანოვი ალკოჰოლური ზემოქმედების დროს არაადეკვატურია და დღესაც მსგავსი შემთხვევა მოხდა. კერძოდ, მას კამათი მოუვიდა შვილებთან და მათ შესაშინებლად იატაკის მიმართულებით გაისროლა. შეშინებულმა შვილებმა კი ტერიტორია დატოვეს და დახმარების თხოვნით პლიციას მიმართეს. ამჟამად ისინი პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან.
ინციდენტის შემდეგ მამაკაცი ბინაში ჩაიკეტა. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი.