
„კანონიერი ქურდის“ მხარდამჭერ აქციაზე ინციდენტი მოხდა - არიან დაკავებულები
05/06/2020 13:23:16 სამართალი
ე.წ. „კანონიერ ქურდ“ მინდია გორაძის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადაციის მოთხოვნით გამართულ მსვლელობაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაკავებულია რამდენიმე პირი.
„მსვლელობის მონაწილეების დაკავება გამოიწვია იმან, რომ ეს არ არის პროპორციული ძალა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე გადაადგილებას ვაპირებდით არ მოხდა ჩვენი იდეის, ჩვენი შეხედულების გაზიარება და ერთ ადამიანს 10 კაცი ურტყავდა. ჯერჯერობით არ ვიცით მათი ბედი იმედი გვაქვს, რომ გავარკვევთ ყველაფერს“, - განაცხდა გორაძის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.
მოქალაქეები ბათუმის იუსტიციის სახლიდან გონიოში სარფის გამშვებ პუნქტთან მსვლელობით მიემართებოდნენ, თუმცა მომხდარი ინციდენტის გამო, უკან ბრუნდებიან.
აქციის მონაწილეები ბათუმის პროკურატურასთან მიემართებიან, სადაც ისინი მოითხოვენ, რომ ბათუმის მთავარმა პროკურორმა გასცეს პასუხი მათ კითხვებს, თუ როდის მოხდება გორაძის ექსტრადირება.
განახლება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციაზე ცხრა პირია დაკავებული. დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით განხორციელდა, რაც სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
დაკავება ბათუმი-სარფის მაგისტრალის ახალსოფლის მონაკვეთზე მოხდა, სადაც ლავასოღლის მხარდამჭერებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.