
ბიბილოვი: “პატიმრები თვითმკვლელობას არ აპირებდნენ – ამიტომაც არ მიიყენეს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები”
05/06/2020 14:47:53 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ცხინვალის გამოსასწორებელ იზოლატორში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება და ირწმუნება, რომ ყველაფერში თავად პატიმრები არიან დამნაშავეები.
ამის შესახებ მან დღეს იმ მსჯავრდებულთა ახლობლებს განუცხადა, რომლებმაც თვითმკვლელობა სცადეს.
“ციხეში მოქმედებს წესები, ისევე, როგორც კანონი, რომლის დაცვა აუცილებელია. საკანში, რომელშიც მსჯავრდებული კულუმბეგოვი იმყოფებოდა, ორი ტელეფონი ამოიღეს. ამის შემდეგ ციხის ერთ-ერთ თამაშრომელს, რომელიც ამ საკანში იყო შესული, თავში ჩაარტყეს. მიუხედავად ამისა, პატიმრებისთვის ხელი არავის უხლია, კულუმბეგოვი კი კარცერში მოათავსეს და მის წინააღმდეგ დამატებით აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. ინფორმაცია ამოღებული ტელეფონებიდან განსაჯაროვდება, რათა ყველამ დაინახოს, ვინ რას წარმოადგენს სინამდვილეში. მეორე დღეს ციხის თანამშრომლებმა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელეს, რამდენიმე პატიმარი კი დილით საკნებიდან არ გამოვიდა. ისინი ფიზიკური ძალის (და არა ძალადობის) გამოყენებით გამოიყვანეს. ამ დროს ერთ-ერთმა მათგანმა უცენზურო ლექსიკის გამოყენებით მოუწოდა პატიმრებს, თვითდაზიანებები მიეყენებინათ, რაც მათ გააკეთეს კიდეც. მაგრამ თვითმკვლელობა რეალურად არავის უცდია – მათ მხოლოდ კაპილარები დაიზიანეს, ვენები არავის გადაუჭრია, რადგან თვითმკვლელობას არ აპირებდნენ», - უამბო ახლობლებს ბიბილოვმა.
მისივე მტკიცებით, წლის განმავლობაში კოლონიაში განახლდა სასეირნო სივრცე, დაწესდა სამჯერადი კვება.
«კიდევ რა უნდა გავაკეთოთ მათთვის?! ისინი ჩვენი თანამოქალაქეები არიან, რომლებმაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებები ჩაიდინეს – დაწყებული მკვლელობებით, დამთავრებული ძარცვით და სწორედ ამის გამო არიან იზოლირებულები საზოგადოებისაგან. ამ იზოლაციაში კი არსებობს გარკვეული წესები, რომელთა დაცვაც აუცილებელია», - დასძინა ბიბილოვმა.
იხილეთ ასევე: ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში პატიმრების მასობრივი თვითმკვლელობის მცდელობა დაფიქსირდა