Accentnews.ge
პირი, რომელიც ვარკეთილში უმისამართოდ ისროდა, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს

პირი, რომელიც ვარკეთილში უმისამართოდ ისროდა, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს

05/06/2020 15:19:22 სამართალი

სამართალდამცველებმა პირი, რომელიც ვარკეთილში უმისამართოდ ისროდა, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს,– ამის შესახებ შსს იუწყება.

შსს–ს ცნობით, 2020 წლის 5 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, 1975 წელს დაბადებულმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ა.ი.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. პოლიციელები შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ.

"ადგილზე მისულ სამართალდამცველებს დახვდათ საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩაკეტილი მოქალაქე ა.ი., რომელიც ამავე სახლის ფანჯრიდან, მეზობლების თანდასწრებით, მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებას ახდენდა და უმისამართოდ ისროდა, რითაც უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. მიუხედავად პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, იგი კვლავ აგრძელებდა მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას",– აცხადებენ შსს–ში.

რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ა.ი. დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას და საცხოვრებელი სახლი დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა იგი ადგილზე დააკავეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-პრიმა მუხლის 1 ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S