08-06-2020 12:42:21 მულტიკულტურული საქართველო
ეთნიკური შუღლის გაღვივების საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვების პროცესი გრძელდება. როგორც ცნობილია, დღეს მარნეულიდან ხუთ პირს გამოკითხავენ, მათ შორისაა არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯეირათის" დამფუძნებელი ზურმუტ კურგანოვი.
"პანდემიის დროს საქართველო სერიოზულ პრობლემებს აწყდება; ქართული მიწების ოკუპაცია მიმდინარეობს და ასეთ დროს ვიღაცას უნდა, რეგიონში დესტაბილიზაცია და დაპირისპირება გამოიწვიოს. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, დაძაბულობა შემოიტანონ. ვინ ვართ ჩვენ - ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი. არავის მივცემთ უფლებას თავის პოლიტიკური გეგმები და ინტერესები სახელმწიფოს ინტერესების წინ დააყენოს. ამ ხალხის აქ გამოძახებაც ავიღოთ მაგალითად. მათ პოლიტიკასთან კავშირი არ აქვთ. უბრალოდ, რეაქცია ჰქონდათ იმაზე, რომ ვიღაცას დესტაბილიზაცია უნდა", - განაცხადა კურგანოვმა.
რასობრივი შუღლის გაღვივებაზე სუს-მა გამოძიება 30 მაისს დაიწყო, ხოლო 25 მაისს "ალილო მარნეულის" ფეისბუქ–გვერდზე გავრცელდა განცხადება, რომელიც ნარიმანოვის ძეგლის რეაბილიტაციას უკავშირდებოდა და ეს ფაქტი ნეგატიურ კონტექსტში იყო მოხსენიებული.