
ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობას არ აპირებს
08/06/2020 12:35:48 კონფლიქტები
რუსეთში მოღვაწე ახალგაზრდა აფხაზი პოლიტიკოსი ინალ არძინბა აცხადებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის გეგმები არ გააჩნია.
აფხაზური ტელევიზიის ჟურნალისტმა მას შემდეგი კითხვით მიმართა: «აფხაზური საზოგადოება თქვენ ქვეყნის მომავალ ლიდერად განგიხილავთ. არსებობს თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ სამომავლოდ აფხაზეთის პრეზიდენტად იყაროთ კენჭი?».
საპასუხოდ არძინბამ განაცხადა: «შემიძლია, დანამდვილებით ვთქვა, რომ მსგავსი გეგმები არ გამაჩნია».
რამდენიმე დღის წინ ინალ არძინბას ოკუპირებული აფხაზეთის მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია შეხვდა. დე ფაქტო პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა “სახელმწიფო მართვაში ახალგაზრდობის მონაწილეობის აქტივიზაციის საკითხები განიხილეს”.
- 29 წლის ინალ არძინბა ახალგაზრდა ლიდერების კონკურს “აფხაზეთის სიამაყის” დამფუძნებელია. მიმდინარე წლის იანვარში მან გააკეთა განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი პარტიის შესაძლო დაფუძნების თაობაზე.
- ინალ არძინბა აფხაზეთის პირველ დე ფაქტო პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბას ნათესავია. ბოლო პერიოდში იგი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან მოქმედი ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარე გახლდათ. მანამდე კი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა.