ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღისთვის ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებულია
09/06/2020 06:49:45 ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღისთვის ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებულია.
„მიმდინარე ხარჯები მცირდება 301 მილიონი ლარით, კაპიტალური ხარჯები მცირდება 299 მილიონი ლარით, რაც ჯამში 600 მილიონი ლარია. თუმცა, ამავდროულად, პანდემიიდან გამომდინარე, ჯამში გასაწევია 1 მილიარდ 920 მილიონი ლარის ოდენობით დამატებითი ხარჯები. საბოლოო ჯამში, შემცირების მიუხედავად მილიარდ 400 მილიონამდე გვეზრდება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი. როდესაც მაკროეკონომიკური პროგნოზები გამოქვეყნდა, ბევრი კითხვა იყო, რომ არსად არ ჩანს შემცირება, ამიტომ შევეცადე საკმაოდ დეტალურად ყოფილიყო ეს წარმოდგენილი პარლამენტში რომელ მუხლში სად რა ემატება და რატომ ემატება. სოციალური უზრუნველყოფის ნაწილში არის ჯანდაცვის სამინისტროს ძირითადი თანხა 610 მილიონი ლარი, კომპენსაციების ნაწილში, პლუს 170 მილიონი ლარი კომუნალურის ნაწილში, უშუალოდ მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯებია 125 მილიონი ლარი, ფონდის თანხა 113 მილიონი ლარია, ასევე მაღალმთიანების ნაწილი, რაც საზღვრისპირა სოფლები დაემატა, 6 მილიონ ლარამდე იქნება საჭირო. საქონელი და მომსახურების ნაწილში გვაქვს 44 მილიონი ლარი საკარანტინო სივრცეების მომსახურების ანაზღაურება, ხოლო ჯანდაცვის ხარჯები, რაც დაკავშირებულია როგორც ტესტების, ასევე მკურნალობისთვის საჭირო მასალების, პირადი დაცვის საშუალებების შესყიდვასთან და ა.შ. აქ გათვალისწინებული 151 მილიონი ლარი. ეს თანხა ასევე გათვალისწინებულია იმ მეორე ტალღისთვისაც, რომელიც შესაძლებელია იყოს და ამისთვის ბიუჯეტში სრული მზადყოფნაა, რომ შესაბამისი ხარჯები დაფინანსებული იყოს“, - განაცხადა კაკაურიძემ.


