მთავრობამ 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტი პროექტი წარადგინა
09/06/2020 07:43:17 ეკონომიკა
საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინფორმაციით, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პარამეტრები შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან.
ამ პარამეტრებით:
- ეკონომიკური ზრდა იქნება -4%;
- ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს დააკლდება 1,8 მილიარდი ლარი;
- მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები შემცირდება დაახლოებით 600 მილიონი ლარით;
- ბიუჯეტის საპროგნოზო დეფიციტი იქნება დაახლოებით 8.5%.
- ანტიკრიზისული ბიუჯეტი პარლამენტს დღესვე წარედგინება.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ანტიკრიზისულ ბიუჯეტს საერთო არაფერი აქვს პოსტკრიზისულ გეგმასთან, რომელზეც მთავრობა მუშაობს ადგილობრივ და საერთშორისო ექსპერტებთან ერთად და მიზნად ისახავს ეკონომიკის აღდგენას 2021-2023 წლებში.
გახარიას თქმით, ეკონომიკური თვალსაზრისით კრიზისის ყველაზე დიდი პრობლემაა არაპროგნოზირებადობა და ეს გამოწვევა კიდევ უფრო მძიმეა საქართველოს ღია და პატარა ეკონომიკისთვის.


