
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შიმშილობა დაიწყო ოჯახმა, რომელიც ამბობს, რომ მათი შვილი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია
09/06/2020 11:03:03 სამართალი
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში მცხოვრებმა ოჯახმა შიმშილობა დაიწყო.
ოჯახი ითხოვს, რომ შესაბამისმა უწყებებმა ბოლომდე გამოიძიოს საქმე, რომელიც მათ მცირეწლოვან შვილზე, სავარაუდოდ, ოჯახის ნაცნობის მხრიდან სექსუალურ ძალადობას ეხება.
მაისში სასამართლომ გაამართლა 58 წლის კაცი, რომელიც 5 წლის ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში იყო ბრალდებული. ამ გადაწყვეტილებას ოჯახის მხრიდან სასამართლოს ეზოში მოჰყვა პროტესტი. ამჟამად საქმე სააპელაციო სასამართლოშია.
„შიმშილობას გავაგრძელებთ მანამ, სანამ ის კაცი არ დაისჯება,“ – აცხადებენ მშობლები.
მათივე თქმით, ოჯახმა დახმარების თხოვნით მიმართა პროკურატურას, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს, თუმცა წერილები უპასუხოდ დარჩა.
მათივე თქმით, ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა რთულია, არ დადის საბავშვო ბაღში:
„ერთი ოთახიდან მეორე ოთახში შიშით აღარ შემოდის“.