„თიბისი“ თანამშრომლებს სტარტაპ-დეკრეტში გასვლას უკვე მეორედ სთავაზობს
10/06/2020 07:10:54 ეკონომიკა, რეკლამა
„თიბისი ბანკი“ საკუთარ თანამშრომლებს მეორედ აძლევს უპრეცედენტო შესაძლებლობას, ისარგებლონ სტარტაპ-დეკრეტით. „თიბისის“ ცნობით, სტარტაპ-დეკრეტის ფარგლებში, „თიბისის“ თანამშრომლები შეძლებენ, ისარგებლონ 6 - თვიანი სრულად ანაზღაურებადი დეკრეტით და საკუთარი ბიზნესიდეა რეალობად აქციონ. პროექტში მონაწილეობის მსურველებისთვის რეგისტრაცია უკვე დაიწყო.
„თიბისელები“ პროგრამა „სტარტაპერში“ავტომატურად ჩაერთვებიან და არაფინანსური და ფინანსური სერვისებით სარგებლობას განსაკუთრებული პირობებითა და შეღავათებით შეძლებენ. ინოვაციური პროექტის ფარგლებში, თიბისელები საკუთარ ბიზნესიდეებს სპეციალურად პროექტისთვის შერჩეულ ჟიურის წევრებს წარუდგენენ, რის შემდეგაც ჟიური საუკეთესო იდეების ავტორებს გამოავლენს. პროექტში მონაწილეობისთვის, წარდგენილი ბიზნესიდეა უნდა იყოს ტექნოლოგიური/ინოვაციური. სტარტაპ-დეკრეტი თიბისის ინიციატივით 2019 წელს შეიქმნა და მას ანალოგი არ აქვს ქვეყანაში. პროექტი უნიკალური და არასტანდარტული მიდგომაა როგორც თანამშრომლების, ისე სტარტაპერების მხარდასაჭერად. სტარტაპ-დეკრეტის პირველი სამი გამარჯვებული უკვე გამოვლინდა. ერთმა მათგანმა კუთვნილი დეკრეტით ისარგებლა და საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს. სტარტაპ-დეკრეტის მომდევნო გამარჯვებულებს თიბისი სექტემბერში გამოავლენს“,- ნათქვამია „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


