ტყიბულელმა მეშახტეებმა მუშაობა შეაჩერეს
10/06/2020 11:32:57 საზოგადოება
ტყიბულელმა მეშახტეებმა მინდელის და ძიძიგურის შახტებში მუშაობა შეაჩერეს. ისინი შრომის პირობების და უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებას მოითხოვენ.
პროფკავშირის წარმომადგენელმა გაგა ისაკაძის განცხადებით, შახტში ჩასასვლელი კონსტრუქციის გაუმართაობა მეშახტეთა სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის და მის დროულად შეკეთებას მოითხოვენ.
ისაკაძის ინფორმაციით, ორი დღის წინ, მინდელის შახტის დამხმარე ჭაურში ინციდენტი მოხდა და საფრთხე შეუქმნა 22 მეშახტის სიცოცხლეს. ისაკაძე ამბობს, რომ მსგავსი ინციდენტები ხშირადაა:
პროფკავშირების წარმომადგენლის ცნობითვე, მეშახტეებს ხელფასიდან ისევ დაექვითათ საშემოსავლო გადასახადის თანხა - ხელფასის 20%, მაშინ როცა კორონავირუსის პანდემიის გამო, სახელმწიფომ კომპანია ამ ვალდებულებისგან გაათავისუფლა. ამიტომ მეშახტეები დაქვითული თანხის დაბრუნებასაც მოითხოვენ.
„უკვე შევხვდით ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და ამ დრომდე კონკრეტული პასუხი არ გვაქვს, დააკმაყოფილებენ თუ არა ჩვენს მოთხოვნებს“, - გვითხრა გაგა ისაკაძემ.
ტყიბულის მინდელის და ძიძიგურის სახელობის შახტებს 12 წლის განმავლობაში ფლობდა „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“, რომელმაც 2019 წლის შემოდგომაზე აქტივები გადასცა უკრაინულ-ქართულ ბიზნესჯგუფს Steel International Trade Company-ს.
ტყიბულის შახტები 2018 წლის ივლისში დაიხურა საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, რასაც წინ უძღოდა 4 მაღაროელის დაღუპვა. შახტებმა მუშაობა არასრული დატვირთვით 2019 წლის ოქტომბრიდან განაახლეს.


