მასშტაბური სახალხო გამოსვლების მოლოდინში რეიტინგშერყეული კრემლი ანტიქართულ და ანტიდასავლურ კამპანიას აძლიერებს
10/06/2020 14:57:34 პოლიტიკა
ბოლო პერიოდში რუსეთის ხელისუფლებისა და პირადად პრეზიდენტ პუტინის რეიტინგის რეკორდული ვარდნის, ბოლო დღეებში კი იმ სადავო საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრისთვის მზადების ფონზე, რომელმაც მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო ტალღა გამოიწვია, კრემლი დასავლეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მისი მოკავშირეების, კერძოდ საქართველოსა და უკრაინის მიმართ სადეზინფორმაციო პროპაგანდისტულ კამპანიას ააქტიურებს. ამ სერიიდან მორიგი განცხადება ამჯერად ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა გააკეთა, რომლის მტკიცებით, “საქართველომ და უკრაინამ დასავლეთისგან დაპირებული კეთილდღეობის ნაცვლად, მხოლოდ მასზე დამოკიდებულება მიიღეს”.
«კეთილდღეობის, სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დაპირებების ფონზე დსთ-ის ქვეყნები დასავლეთისგან არანაირ რეალურ დახმარებას არ იღებენ, მასზე დამოკიდებულების ზრდის გარდა, როგორც ეს საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაში მოხდა. პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები, რომლებმაც ე.წ. ფერადი რევოლუციები გადაიტანეს, ჯამში დესტაბილიზირებული პოლიტიკური ვითარება, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის ზრდა, ღრმა ეკონომიკური და სოციალური კრიზისი, ცხოვრების დონის მკვეთრი ვარდნა მიიღეს. არაერთ შემთხვევაში მსგავსი ქვეყნები სამოქალაქო ომებშიც ჩაეფლნენ», - განაცხადა პატრუშევმა რუსული გამოცემა «Аргументы и факты»-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
რაღა თქმა უნდა, ის არაერთგზის ნათლად დადასტურებული რეალობა, რომ ჩამოთვლილთაგან თითქმის ყველა “სიკეთეს” მთელი მსოფლიო და მათ შორის თავად რუსული საზოგადოების უკვე მნიშვნელოვანი ნაწილი თავად რუსეთში ადევნებს თვალს და არა იგივე საქართველოში, პატრუშევს გასაგები მიზეზების გამო “გამორჩა”, ეხსენებინა.
ანალოგიურად, სწორედ დასავლეთს გადააბრალა მან ის პროპაგანდისტული საქმიანობა და სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში უხეში ჩარევა, რომელშიც მთელი პროგრესული მსოფლიო სრულიად საფუძვლიანად და არგუმენტირებულად სწორედაც რომ კრემლს ადანაშაულებს:
“სუვერენულ სახელმწიფოებზე გავლენის მოსაპოვებლად დასავლეთი უკვე მრავალი ათწლეულია, იყენებს ინსტრუმენტების ფართო სპექტრს – დაწყებული საინფორმაციო-პროპაგანდისტული და პოლიტიკურ-დიპლომატიური ზეწოლით, დამთავრებული ვითომდა სტიქიური სახალხო გამოსვლების გზით ხელისუფლებების შეცვლით”.
მაღალი ალბათობით, იმ მიზნით, რომ თავად რუსეთში მომწიფებული სახალხო გამოსვლები “დასავლეთის ზეწოლას” დაუკავშიროს, კრემლი ამჯერად პატრუშევის სახით წინასწარ ნერგავს აზრს, რომ “საბაბად დესტრუქციული პროცესების დასაწყებად ქვეყნებში, რომელთა სათავეშიც დასავლეთისთვის არასასურველი ხელმძღვანელობები იმყოფებიან, შესაძლოა, იქცეს თითიდან გამოწოვილი ბრალდებები ამ ხელისუფლებების მიმართ, მაგალითად, პრეტენზიები დემონსტრაციების დაშლასთან, პროტესტების მონაწილეთა დაღუპვასთან, ან საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით”.
პატრუშევის მტკიცებით, “პოლიტიკური რეჟიმების დემონტაჟი შემთხვევათა უმრავლესობაში დასავლური სამხედრო-პოლიტიკური თუ ეკონომიკური კავშირების, ასევე ტრანსნაციონალური კომპანიებისა და სპეცსამსახურების ინტერესებში ხორციელდება”.
ახლა უკვე არა მარტო ქვეყნის ფარგლებს გარეთ, არამედ რუსეთის შიგნითაც საგრძნობლად შერყეული რეიტინგისა და ავტორიტეტის პირობებში კრემლი, ბუნებრივია, მრავალგზის ნაცად ძველ მეთოდს – გარე მტრის ხატის შექმნას მიმართავს. პატრუშევი ამ მიზნით რიგითი რუსი მოქალაქისთვის საკმაოდ ძნელად აღსაქმელი შინაარსის ფრაზას იყენებს:
«საქართველოსა და უკრაინის მაგალითები აჩვენებს, რომ რუსეთის ირგვლივ მის მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფო ელიტების მოქმედების სტილის ფორმირების პროცესი შესაძლოა, უახლოეს ხანებში ხელოვნურად დაჩქარდეს”.
მართალია, იმის შესახებ, თუ რა მიზნით და მეთოდებით მოქმედებს კრემლი მრავალი ათწლეულის განმავლობაში, მათ შორის – უშუალოდ საქართველოს მიმართ, ჩვენს ქვეყანაში უკვე ბავშვმაც კი უნდა იცოდეს და ადვილად არჩევდეს რეალობას რუსეთის ხელისუფლების გამუდმებული სიცრუისა და სადეზინფორმაციო პროპაგანდისტული გზავნილებისაგან, მაინც ღირს, შევახსენოთ მკითხველს, რა მოუტანა და დღესაც მოაქვს დასავლეთს და საკუთრივ აშშ-ს საქართველოსთვის , რასაც კრემლი და ამ შემთხვევაში საკუთრივ ბ-ნი პატრუშევი "არაფრად" ასაღებენ.
რა რესურსებს ხარჯავს აშშ საქართველოში
1992-დან 2020 წლის ჩათვლით დახმარების სახით სხვადასხვა მიზნისთვის გამოყოფილი ფინანსების შესახებ აშშ–ის „კონგრესის კვლევითი სამსახურის“ ანგარიშშია საუბარი. ირკვევა, რომ 28 წლის განმავლობაში საქართველომ სტრატეგიული პარტნიორისგან 4 348 400 000 $ მიიღო. ანალიტიკოსების დათვლით, ამ სახის დახმარებით საქართველო მეორე ადგილზეა ისრაელის შემდეგ.
CRS-ის მონაცემებით, ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებს შორის საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო და სამხედრო დახმარების მიმღები წამყვანი ქვეყანაა.
1992-2000 წლებში აშშ-ის მთავრობამ საქართველოსთვის ჯამში $860 მილიონზე მეტი გამოყო. ეს წელიწადში საშუალოდ $96 მილიონია.
დეკადის ბოლო ნაწილში შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ფინანსური დახმარება გაზარდეს - საზღვრისა და საზღვაო დაცვის გაუმჯობესებისთვის. ამაში ასევე შევიდა სანაპირო დაცვის გაძლიერება და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო თანხები.
2000-იან წლებში ევროპასა და ევრაზიაში ერთ სულ მოსახლეზე გათვლით საქართველო შეერთებული შტატების დახმარების მიმღები ყველაზე მსხვილი ქვეყანა გახდა. 2001-2007 წლების განმავლობაში დახმარებების ჯამმა $ 945 მილიონს გადააჭარბა, რაც წელიწადში საშუალოდ, $135 მილიონია.
2005 წელს „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ“ საქართველოს $295 მილიონიანი გრანტი გამოუყო. ხუთწლიანი გრანტი გზების, მილსადენების, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და აგრობიზნესის განვითარებისთვის იყო გამიზნული.
2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სამხედრო მიზნებისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარება მნიშვნელოვნად გაუზარდა. პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ საქართველო იემენსა და ფილიპინებთან ერთად ტერორიზმთან ბრძოლის მეორე ეტაპის ნაწილად განიხილა. ამის შემდეგ დაიწყო საქართველოში წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა.
2008 წელს, რუსეთის შეჭრის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა საქართველოსადმი დახმარება არსებითად გაზარდა. ამერიკის მთავრობამ დაუყოვნებლივ გამოყო $38 მილიონი ჰუმანიტარული და გადაუდებელი დახმარების მიზნებისთვის.
2008 წლის სექტემბერში მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განცხადა, რომ საქართველოსთვის საერთო დახმარების პაკეტის ღირებულება მინიმუმ, 1 მილიარდი დოლარი იყო.
ჯამში, 2008-2009 ფისკალური წლის განმავლობაში შეერთებული შტატების დახმარებამ $1.4 მილიარდს მიაღწია. ამ თანხაში შევიდა $250 მილიონი პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება და $100 მილიონი, რომელიც „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ ფონდს დაემატა. ამით „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ ხუთწლიანმა გრანტმა $395 მილიონს მიაღწია.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ საქართველო კვლავ რჩება შეერთებული შტატების დახმარების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მიმღებად. 2010-2017 საბიუჯეტო წლების განმავლობაში არასამხედრო მიზნებისთვის ფინანსური დახმარება წლიურად საშუალოდ $60 მილიონს შეადგენდა. გარდა ამისა, 2014-2019 წლებში „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ“ საქართველოს 5-წლიანი გრანტი - $140 მილიონი გამოუყო, რომელიც ძირითადად საგანმანათლებლო მიზნებისთვის იყო განკუთვნილი.
2018 წელს საქართველომ ამერიკისგან არასამხედრო მიზნებისთვის $70.8 მილიონი მიიღო.
2019 წელს ამერიკის კონგრესმა არასამხედრო მიზნებისთვის საქართველოს $89.8 მილიონი გამოუყო.
2020 ფისკალური წლისთვის, ასევე არასამხედრო მიზნებისთვის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოსთვის $42.4 მილიონი მოითხოვა. წარმომადგენელთა პალატის და სენატის საფინანსო კომიტეტმა რეკომენდებულ თანხად $89.8 მილიონი, ანუ გაორმაგებული ოდენობა განსაზღვრა.


