13 ამერიკელი კონგრესმენი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს

11-06-2020 09:10:42 საგარეო პოლიტიკა

13 ამერიკელი კონგრესმენი რუს და უკრაინელ ოლიგარქებთან ერთად სანქციების დაწესებას საქართველოს მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგაც ითხოვს.

„სანქციები არ შეხებიათ პუტინის იმ უცხოელ მეგობრებს, რომლებიც ძირს უთხრიან ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტს. [...] საქართველოში უმდიდრესი ადამიანი საქართველოში ბიძინა ივანიშვილი ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული", – ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების ანგარიშში.

დოკუმენტის ავტორები გასცემენ რეკომენდაციას, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქების სია შეადგინოს, "რაც კონგრესს მომავალი სანქციების განსაზღვრაში დაეხმარება და გარკვეულ ინდივიდებსა თუ ორგანიზაციებს კრემლისთვის მუშაობაში ხელს შეუშლის".

13 კონგრესმენი, რომლებიც აღნიშნულ ანგარიშს ხელს აწერენ: მაიკ ჯონსონი; ჯო უილსონი; რობ უიტმენი; ენ ვაგნერი; ალექს მუნი; დონ ბეიკონი; ჯეკ ბერგმანი; ნილ დანი; ქლეი ჰიგინსი; რალფ ნორმანი; დენ კრენშოუ; ბრაიან სტაილი და მაიკლ უოლთსი.

ანგარიშს აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი წევრი მარკვეინ მულინიც გამოეხმაურა. „რუსეთის აგრესია და პუტინის ურთიერთობები მათ შორის საქართველოშიც, უნდა შეწყდეს. რესპუბლიკური პარტიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რუსეთის მიმართ ყველაზე მკაცრი სანქციები შედის", – დაწერა კონგრესმენმა სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები