
რატომ აქვთ სტრატეგიულ პარტნიორებს - თბილისსა და ვაშინგტონს განსხვავებული წარმოდგენა "მისაღებ" და "მიუღებელ" ჩეჩნებზე
26/04/2019 18:17:53 თვალსაზრისი, ანალიზი
აშშ-ის ხელისუფლებამ ჩეჩნეთის რესპუბლიკის რუსეთის მიერ ხელდასმული მთავრობის პრემიერ-მინისტრ მუსლიმ ხუჩიევს, მის მეუღლეს საფიათ შაბაზოვასა და უახლოეს ნათესავებს შტატების ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.
სახელმწიფო დეპარტამენტი, ეყრდნობა რა ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში ჩატარებული საერთაშორისო გამოძიების დასკვნას, აცხადებს, რომ ხუჩიევს კავშირი აქვს ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა უხეშ და განგრძობად დარღვევასთან, დევნასთან,უკანონო დაკავებებთან, წამებასთან, ძალადობრივ გაუჩინარებასა და ლინჩის წესით გასამართლებასთან.

მუსლიმ ხუჩიევი
სახელმწიფო დეპატამენტმა მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, სისხლის სამართლებრივი დევნა განახორციელოს ყველა იმ ჩინოსნის მიმართ, რომელიც პასუხისმგებელია ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე.
მუსლიმ ხუჩიევს ჩეჩნეთის რესპუბლიკის რუსეთის მიერ ხელდასმულ მთავრობაში პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2018 წლის ივნისიდან უკავია. მანამდე სამი წლის განმავლობაში იგი გროზნოს მერი გახლდათ, მერობამდე – მინისტრი, ხოლო კიდევ უფრო ადრე მოსკოვში ჟურნალისტად მუშაობდა.
აღსანიშნავია, რომ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ბ-ნი ხუჩიევი საიდუმლოდ საქართველოს სტუმრობდა. კადიროვის ხელისუფლების მაღალჩინოსანი - იმხანად გროზნოს მერი მაშინტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებმა გამოიჭირეს.

ხუჩიევი კადიროვთან ერთად
როგორც ირკვევა, ბატონი ხუჩიევი იმ პერიოდში კადიროვის ხელისუფლების ერთადერთი მაღალჩინოსანი არ ყოფილა, რომელიც ჩვენს ქვეყანას “ტურისტად” სტუმრობდა: აქვე ბრძანდებოდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიტიკის, საგარეო კავშირების, კავშირგაბმულობისა და ბეჭდვითი სიტყვის მინისტრი ჯამბულათ უმაროვიც.

კადიროვი უმაროვთან ერთად
ამ უკანასკნელს ჟურნალისტების მიერ გამოჭერა არც დასჭირვებია – თავადაც სიამოვნებით აცნობდა ინტერნეტ-მომხმარებლებს ინფორმაციას საქართველოში ვიზიტის შესახებ და ფოტო-მტკიცებულებებსაც ავრცელებდა:


იმავე პერიოდს განეკუთვნება საქართველოში ეთნიკურ ჩეჩნებთან დაკავშირებით მომხდარი კიდევ ორი ფაქტი, ოღონდ კადიროვის მაღალჩინოსნების შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად ფიგურანტები საქართველოს მკვიდრნი იყვნენ და ყველაფერი ლეტალურად დასრულდა. მხედველობაში მაქვს, კერძოდ, თბილისის სპეცოპერაცია, რომლის დროსაც ახმედ ჩატაევი და მისი ორი თანმხლები პირი იყვნენ ლიკვიდირებულები, და ოდნავ მოგვიანებით – სპეცოპერაცია პანკისში, რომელსაც ქისტი ახალგაზრდა თემირლან მაჩალიკაშვილი ემსხვერპლა.

თბილისის სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ჩატაევი და მისი ერთ-ერთი თანმხლები პირი

პანკისის სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა
საგულისხმო დეტალი: ახმედ ჩატაევი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ტერიროსტების სიაში ჰყავდა შეყვანილი.
ზემოთხსენებული სპეცოპერაციების დროისათვის საქართველო უკვე დატოვებული ჰქონდა კიდევ ერთ ჩეჩენს – ბლოგერ ტუმსო აბდურახმანოვს, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა და ფაქტობრივად, პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.

ტუმსო აბდურახმანოვი
ამასწინათ ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ტუმსო ზემოაღნიშნულ მოვლენებს აანალიზებს და ქართველ ხალხს მიმართავს.
“აქცენტი” ამ ვიდეოჩანაწერის ტექსტის ქართულ თარგმანს გთავაზობთ:
“ეს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ ბათუმის სასტუმრო “ჰილტონში” გადაღებული კადრებია. მათზე გროზნოს მერი რუსლან ხუჩიევია ასახული, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა. ჟურნალისტებს მისი ჯეროვნად გადაღების შესაძლებლობა არ მისცეს. ქართული საზოგადოება, ბუნებრივია, აღშფოთდა, რატომ შეძლო ამ ადამიანმა საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად შესვლა და თანაც, შესაძლოა, რაღაც შეხვედრების გამართვა და გარკვეული საკითხების გადაწყვეტაც… თუმცა როგორც ირკვევა, ეს კადიროვის ერთადერთი ჩინოსანი არ არის, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში იყო ჩასული. ამ ფოტოზე ხედავთ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიტიკის, საგარეო კავშირების, კავშირგაბმულობისა და ბეჭდვითი სიტყვის მინისტრ ჯამბულათ უმაროვს. ამ დღეებში იგი აქტიურად “პოსტავდა” საქართველოში გადაღებულ ფოტოებს, მართავდა შეხვედრებს, - როგორც თავად წერს, ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლებთან... - ერთი სიტყვით, სრულიად კომფორტულად გრძნობდა იქ თავს. ქართულმა მედიამ ამ თემას საკმაოდ დიდი ყურადღება დაუთმო. როგორც წესი, სიუჟეტები იმის ამსახველი საარქივო კადრების ფონზე გადიოდა, როგორ იბრძოდა სულიმ იამადაევის ბატალიონი “ვოსტოკი” (“აღმოსავლეთი” - რედ.) ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დროს, ცხადია, რუსეთის მხარეს, ანუ საქართველოს წინააღმდეგ.
და აი, აქ, ჩემი შეფასებით, ერთი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დეტალია მივიწყებული: ამ კონფლიქტში უშუალოდ კადიროვის კაცის – ჩრდილოეთ კავკასიაში “როსგვარდიის” ჯარების სარდლის ამჟამინდელი მოადგილის, ალიბეგ დელიმხანოვის მონაწილეობა. ამ ადამიანს იმხანად ბატალიონ თუ პოლკ “სევერის” (“ჩრდილოეთი” - რედ.) მეთაურის თანამდებობა ეკავა და უშუალოდ კადიროვმა გაგზავნა ის და მისი ბატალიონი ცხინვალის რეგიონში. მაშინ ადგილობრივი ტელეარხები აქტიურად უჩვენებდნენ, როგორ გეგმავდა ეს ადამიანი მის წინ გაშლილ რუქაზე რაღაც ოპერაციებს. და ეს ადამიანი უშუალოდ კადიროვის ხელი იყო ამ კონფლიქტში, ანუ კადიროვის უშუალო ჩართულობა ამ ომში. იგი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, კადიროვთან ძალიან დაახლოებული პირის - ადამ დელიმხანოვის უმცროსი ძმა გახლავთ. მოგვიანებით, 2009 წელს ალიბეგ დელიმხანოვმა რუსეთის გმირის წოდება მიიღო სწორედ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ოპერაციებისათვის.

ალიბეგ დელიმხანოვი
თუმცა ახლა სხვა რამეზეა საუბარი: გროზნოს მერს ხუჩიევს იმ კონფლიქტში უშუალო მონაწილეობა არ მიუღია, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალური ცნობები ამის შესახებ არ გვაქვს; არ მიუღია იმ კოფლიქტში უშუალო მონაწილეობა არც ჯამბულათ უმაროვს. თუმცა ერთიცა და მეორეც კადიროვის ჩინოსნები არიან, მისი გუნდის წევრები, ადამიანები, რომლებიც კადიროვის გუნდის წევრობით ამაყობენ. და აი, ეს ადამიანები დღეს ყოველგვარი პრობლემის გარეშე, მშვიდად ჩადიან საქართველოში, მართავენ იქ რაღაც შეხვედრებს, წყვეტენ გარკვეულ საკითხებს… და მერე ამ ყველაფერს თავისუფლად ათავსებენ “ინსტაგრამში”!
და ეს ყველაფერი ხდება იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში ჩეჩნების ირგვლივ ვითარება საკმაოდ დაძაბულია: სულ ცოტა ხნის წინ ჩატარდა ანტიტერორისტული ოპერაცია თბილისში, რომლის დროსაც რამდენიმე ეთნიკური ჩეჩენი მოკლეს. ამას მოჰყვა რეიდი პანკისის ხეობაში, რომლის დროსაც ახალგაზრდა ბიჭი – თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს და, როგორც ჩანს, უდანაშაულოდ. სავარაუდოდ, აქ საქმე გვაქვს უფლებამოსილების გადამეტებასთან, დანაშაულთან.
და აი, დღეს ამ დანაშაულის ირგვლივ ემოციები ზენიტშია, ხალხი ძალიან არის აღელვებული ამ ვითარებით და საკმარისი იქნება ერთი მცირე ნაპერწკალი, რომ ვითარება კონტროლიდან გავიდეს და აფეთქდეს. ხელისუფლება კი, იმის ნაცვლად, რომ ამ პრობლემის მოგვარებით დაკავდეს, დასაჯოს ისინი, ვისაქც ბრალი მიუძღვის ამ ვითარებაში, აჩვენოს პანკისის მოსახლეობასა და ქართველ ხალხს, რომ საქართველოს მმართველი ძალა მზადაა, გამოიჩინოს სამართლიანობა და დასაჯოს დამნაშავეები, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში თავისუფლად ჩადიან კადიროვის ჩინოსნები და წყვეტენ იქ რაღაც საკითხებს... ეს ძალიან ცუდი სიგნალია!
ამ ისტორიაში მინდა, ყურადღება გავამახვილო კიდევ ერთ მომენტზე: მე წელიწადი და რვა თვე ვიცხოვრე საქართველოში თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით. მე უდიდესი პატივისცემით ვარ განწყობილი ამ ქვეყნისა და ქართველი ხალხის მიმართ. ახლა ხელთ მაქვს დოკუმენტი, რომელიც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ გამომიგზავნა. მასში ნათქვამია, რომ, სამინისტროს აზრით, “არსებობს სერიოზული საფუძვლები”, ვიფიქროთ, რომ საქართველოში ჩემი ყოფნა “მნიშვნელოვანი გარემოებების გამო ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება”. და აი, ამგვარი ფორმულირების საფუძველზე მე უარი მეთქვა თავშესაფარზე და საქართველოს ტერიტორიაზე პერსონა ნონ გრატად ვიქეცი. დღეს მშვიდად ვეღარ ჩავალ საქართველოში, ქვეყანაში აღარ შემიშვებენ აღარც მე, აღაც ჩემს უახლოეს ნათესავებს… თუმცა ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნის პერიოდშიც არც ერთი ადამიანი, რომელიც რაიმენაირ კავშირში მაინც იყო შემჩნეული ჩემთან, ან ჩემთან მოდიოდა, ქვეყანაში არ შემოუშვეს, საზღვრიდან გააბრუნეს. დღეს კი უკვე მეც არასასურველი პერსონა ვარ საქართველოში, ვეღარ ჩავდივარ იქ მეგობრების, ნათესავების სანახავად. აი, კადიროველებს კი ეს თავისუფლად შეუძლიათ! კადიროველები არ წარმოადგენენ პირებს, რომელთა საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება!...
ჩნდება კითხვა: რა სახის სახელმწიფო ინტერესები იგულისხმება აქ? რა ისეთ ინტერესებზეა საუბარი, რომელსაც მე ვეწინააღმდეგები და კადიროველები რატომღაც შეესაბამებიან?! რატომ არ არიან კადიროველები – რუსეთის ჩინოსნები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაში, დღეს ამ ქვეყნისთვის არასასურველი პერსონები, მე კი – ადამიანი, რომელიც წინააღმდეგობას ვუწევ კადიროვის რუსულ რეჟიმს, არასასურველი პერსონა ვარ?!
ეს, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვის აქვს უფლება, შევიდეს ქვეყანაში, ვის – არა. თუმცა დარწმუნებული ვარ, დღეს რომ ქართველებში გამოკითხვა ჩატარდეს, ქართველები არ ჩამთვლიან კადიროველებზე მეტად არასასურველად. და ღრმად მწამს, რომ ქართველებში მხარდაჭერას ვიპოვი, კადიროველები კი ვერ იპოვიან. არ მესმის, რატომ ვერ ხვდება ამას საქართველოს ხელისუფლება…
დასასრულს მინდა, ქართველი ხალხის ყურადღება გავამახვილო მთავარზე: მიდის კი სწორი მიმართულებით თქვენი ქვეყანა? მიჰყავს კი სწორი მიმართულებით საქართველო მის ხელისუფლებას?”.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021