
სოხუმი გილმორს გაუნაწყენდა
11/06/2020 12:54:06 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო პოლიტიკური უწყება ეუთო-ში აშშ-ის ელჩის ჯეიმს სტიუარტ გილმორის ამასწინანდელ განცხადებას ეხმიანება და მას “მიუღებლად” მიიჩნევს. სოხუმის შეფასებით, “ვაშინგტონი სუვერენული აფხაზეთის მიმართ კონფრონტაციულადაა განწყობილი».
“ამერიკელი დიპლომატი, მოიხსენიებს რა რუსეთს “ოკუპანტად”, ხოლო აფხაზეთსა და სახმრეთ ოსეთს – “ოკუპირებულ ტერიტორიებად” მხოლოდ ცალმხრივ შეფასებებს ეყრდნობა. ბ-ნი გილმორი, როგორც ჩანს, საქმის კურსში არ არის იმის შესახებ, რომ აფხაზეთში საქართველოსგან დამოუკიდებლობისთვის მოძრაობა ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში იკრებდა ძალას, რომ მის საფუძვლად იქცა აფხაზების სწრაფვა თვითგადარჩენისკენ დამოუკიდებელი საქართველოს მიერ შთანთქმის საფრთხის პირობებში. საქართველოსთან თანაარსებობის უკიდურესად ნეგატიურმა გამოცდილებამ წარმოშვა აფხაზების სწრაფვა თვითგამორკვევისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობისაკენ. თუმცა ბ-ნი გილმორისთვის, ისევე, როგორც დასავლური ქვეყნების რიგი სხვა წარმომადგენლებისთვის, აფხაზეთი დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი არ არის და მხოლოდ მარიონეტია გარე ძალების ხელში. მსგავსი მიდგომა ძალზე კომფორტულია, რადგან შესაძლებლობას აძლევს საქართველოსა და მის დასავლელ პარტნიორებს, აფხაზეთის რესპუბლიკის არსებობის ფაქტს იგნორირება გაუწიონ და ყველა თავის პრობლემაში რუსეთი ადანაშაულონ. ბ-ნი გილმორის გამონათქვამები მხოლოდ ადასტურებს ვაშინგტონის კონფრონტაციულ მიდგომას სუვერენული აფხაზეთისადმი» ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.
ამასთან, სოხუმი აშშ-ს “ორმაგ სტანდარტებშიც” ადანაშაულებს: “ვაშინგტონი საქართველოს დამოუკიდებლობისა და მომავლის აღიარების ფონზე უარს ეუბნება ამავე უფლებაზე აფხაზეთის რესპუბლიკას”.
სოხუმი გილმორს იმასაც “შეახსენებს”, რომ “რუსეთის ჯარები აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე დგანან”.
იხილეთ ასევე: ეუთო-ში აშშ-ის ელჩი: “რუსული ჯარი უბრალოდ უნდა გავიდეს საქართველოდან და უკრაინიდან”