
სომხეთმა ატომური ელექტროსადგურის მოდერნიზებისთვის გათვალისწინებული რუსული კრედიტის ნაწილზე უარი თქვა
11/06/2020 15:24:12 კავკასია
სომხეთმა ქვეყანაში არსებული მეწამორის ატომური ელექტროსადგურის მოდერნიზებისთვის გათვალისწინებული რუსული კრედიტის ნაწილზე უარი თქვა. ამის ნაცვლად მთავრობამ სომხეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 63 მლრდ დრამზე მეტი გამოყო აეს-ის მეორე ბლოკის ხელახალი აღჭურვისა და მოდერნიზებისთვის.«2019 წლის ცნობილი მოვლენების გამო არ გვქონდა შესაძლებლობა, სრულად დაგვეხარჯა არსებული საკრედიტო თანხა. ნაშთი ამ დროისთვის 107 მლნ დოლარს შეადგენს», - განუცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიული მართვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა.
მეწამორის აეს-ის მეორე ენერგობლოკის ექსპლუატაციის 10 წლით გახანგრძლივებისთვის სომხეთის მთავრობამ 2015 წელს რუსეთთან 270 მლნ დოლარის საკრედიტო ხელშეკრულება გააფორმა. უკვე წელს რუსულმა მხარემ სომხურს კრედიტის კიდევ ორი წლით გახანგრძლივება შესთავაზა, თუმცა გამკაცრებული პირობებით: კრედიტის 80% რუსული კომპანიების მომსახურებაზე და რუსული აღჭურვილობის შეძენაზე მიიმართოს.
სომხეთის მთავრობის აზრით, მსგავსი მიდგომა რუსი მწარმოებლებისა და მომსახურების მიმწოდებლებისთვის მონოპოლიურ პირობებს ქმნის, ზღუდავს რა ბევრად უფრო ხარისხიანი და იაფი საქონლისა და მომსახურებების შეძენის შესაძლებლობას.
როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რუსული კრედიტი “თავისი ზომითა და პირობებით დიდად არ შეეფერება ატომური ელექტროსადგურის სამომავლო მოქმედების ორგანიზებას”.
“ჩვენი მთავრობის წინაშე დგას ამოცანა, არა მარტო გავზარდოთ აეს-ის მუშაობის ეფექტურობა, არამედ უზრუნველვყოთ ენერგეტიკული უსაფრთხოებაც» - დასძინა ფაშინიანმა.