
ღარიბაშვილის ცნობით, ქართველ ჯარისკაცებს დავალებების შესრულება 30 და მეტი წლის გამოშვების სპეცტექნიკით უწევთ
12/06/2020 10:05:32 თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართველ სამხედროებს მოძველებული სპეცტექნიკით უწევს დავალებების შესრულება. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში განაცხადა.
„ვავითარებთ ლოჯისტიკურ და ტექნიკურ შესაძლებლობებს. ანიშნული საჭიროება პანდემიის საპრევენციო აქტივობებში განსაკუთრებით გამოიკვეთა: ჩვენს ჯარს გადაადგილება საკმაოდ მოძველებული სპეცტექნიკით უწევს – 20–30 და უფრო მეტი წლის გამოშვების სპეცტექნიკით უწევს ჩვენს ჯარს ამოცანების შესრულება, რაც, დამეთანხმებით, რომ სტანდარტს არ შეესაბამება. წელს 480 ერთეული სპეციალური ტექნიკის შეძენას ვგეგმავთ“,– განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში შეიარაღებული ძალები M-4 ტიპის შაშხანებით აღიჭურვება:
„ეს შესყიდვა შესაძლებელი გახდა 2006–2007 წლებში ერაყში მშვიდობის აღდგენის ოპერაციებში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობისთვის საქართველოსთვის აშშ–ის მიერ გამოყოფილი აუთვისებელი თანხებიდან, რომელიც დაახლოებით, 22 მილიონ დოლარს შეადგენს. სრულად მოვახდინეთ აღნიშნული თანხის ათვისება და M-4 ტიპის შაშხანებთან ერთად, საბრძოლო ქვედანაყოფები სრულად აღიჭურვებიან ნატო–ს სტანდარტების შეიარაღებით“.
მინისტრის თქმით, დღევანდელი ქართული ჯარის მომზადების დონე 10 წლის წინანდელისგან რადიკალურად განსხვავდება:
„დღეს შემიძლია თამამად გითხრათ, რომ დღევანდელი ჯარი 10 წლის წინანდელი ჯარის მომზადების დონისგან რადიკალურად განსხვავდება და ბევრად უფრო ძლიერია. თუმცა, ჩვენი თავდაცვის ძალებიდან მისი შესაძლებლოების უფრო ეფექტიანი და თანმიმდევრული გაძლიერების მიზნით მიმდინარეობს ათწლიანი ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის შემუშავება. ეს იქნება თავდაცვის ძალების განვითარების გრძელვადიანი გეგმა. ამ დოკუმენტით მოხდება ჩვენი ქვეყნის მთლიანი რესურსის მობილიზაციის გზების და საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სხვა სამთავრობო უწყებების როლის განსაზღვრა, მთავრობის ერთიანი და კოორდინირებული ძალისხმევის ფარგლებში“.