
პოლიციამ რუსთავში მომხდარი დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
12/06/2020 13:23:49 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს.
შსს-ის ცნობით, მას ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედება.
„გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1990 წელს დაბადებულ ო.ი.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე, მარტვილის მუნიციპალიტეტში დააკავა.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების 3-დან 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს”,- აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.