
აფხაზეთი რუსეთთან დე ფაქტო საზღვარს ჩაკეტილად ტოვებს
12/06/2020 21:05:02 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთთან დე ფაქტო საზღვარზე გადაადგილების აკრძალვა გაახანგრძლივა.
"შეიზღუდოს 2020 წლის 1 ივლისამდე აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციიდან უცხოეთის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების შესვლა" – ნათქვამია დე ფაქტო პრეზიდენტის განკარგულებაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ ეს შეზღუდვა არ ვრცელდება აფხაზეთში აკრედიტებული დე ფაქტო დიპლომატიური უწყებების წარმომადგენლებზე, რუს მესაზღვრეებსა და რუსული სამხედრო ბაზის მოსამსახურეებზე, ასევე საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებზე.
სადღეისოდ აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების სულ 37 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. გამოჯანმრთელდა 27 პაციენტი, გარდაიცვალა 1.