რას კადრულობენ რუსი დიპლომატები  ერთმანეთის ჩასაძირად  -„რიცინის“ ისტორიის გაგრძელება ჩეხეთში

15-06-2020 13:37:54 ანალიზი

რამდენიმე დღის წინ, ჩეხეთმა ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა. ეს გადაწყვეტილება ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ჩეხეთის პრემიერმა ანდრეი ბაბიშმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ტომაშ პეტრჟიჩეკმა გააჟღერეს.

ბაბიშის თქმით, „ჩეხეთის უსაფრთხოების სამსახურისგან წარმოდგენილი ინფორმაციისა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით, აშკარა ხდება, რომ რუსეთის საელჩოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ჩეხ პოლიტიკოსებზე დაგეგმილი თავდასხმის თაობაზე ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.“ პრემიერმა დასძინა, რომ ჩეხეთი სუვერენული სახელმწიფოა, ხოლო ასეთი ქმედებები დაუშვებელია.

რა თქმა უნდა, ჩეხეთის პრემიერმა იცის, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ისედაც იცის და აქამდეც კარგად იცოდა რომ ჩეხეთი სუვერენული სახელმწიფოა. რუსეთის ხელისუფლებამ სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის არსებობის შესახებაც კარგად იცოდა და იცის. თუმცა, ეს ცოდნა მას ხელს არასოდეს უშლის იმაში, რომ ყველა ხერხით შეარყიოს ნებისმიერი სახელმწიფოს წყობა, გამოიწვიოს ქაოსი ან დესტაბილიზაცია, დანერგოს უნდობლობა და შიში, გახლართოს ინტრიგები. ასევე, შეუძლია ასეთი სუვერენული სახელმწიფოების მიწაზე სპეცსამსახურების ხელით მკვლელობებიც მოაწყოს. მაგალითად, „ნოვიჩოკით“.

რაც შეეხება იმ ჯაშუშურ სკანდალს, რომელიც ახლახან ჩეხეთში განვითარდა, და რაც ორი რუსი დიპლომატის გაგდებით დაგვირგვინდა, ყველაფერი ბევრად უფრო აბსურდული და კომიკური აღმოჩნდა, ვიდრე შეიძლება წარმოვიდგინოთ. აპრილში, ჩეხეთის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრაღის მერ ზდენეკ გრჟიბუზე რუსებმა თავდასხმა დაგეგმეს.

ამისათვის, რუსეთის საელჩოში არსებული „როსსოტრუდნიჩესტვო“-ს ხელმძღვანელმა, 34 წლის ანდრეი კონჩაკოვმა, ჩეხეთში დიპლომატიური ბარგით მომწამვლელი ნივთიერება რიცინი ჩაიტანა. მედიაში, ჩეხეთის სპეცსამსახურებზე დაყრდნობით ითქვა, რომ ეს საწამლავი კიდევ ორი პრაღელი პოლიტიკოსისთვისაც იყო განკუთვნილი.

მიზეზი კი ის იყო, რომ ამ ადამიანებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს საბჭოთა ძეგლების დემონტაჟში და ასევე, პრაღის ერთ-ერთი მოედნისთვის მოკლული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის სახელის დარქმევა ითავეს. არა და, სწორედ ამ მოედანზეა განთავსებული რუსეთის საელჩო ჩეხეთში. როგორც ითქვა, ჩეხეთის სპეცსამსახურებმა რუსი დიპლომატი რიცინით ჩემოდანში ვერ დააკავეს, თუმცა თავის პოლიტიკოსებს დამატებითი დაცვა დაუნიშნეს. რა თქმა უნდა, მას მერე რაც ამ ინფორმაციამ გაჟონა, კრემლმა მძლავრი პიარ კამპანია დაიწყო და ყველა ბრალდება უარყო. პირიქითაც, რუსები ყველანაირად ცდილობდნენ ჩეხი სამართალდამცველების და პოლიტიკოსების მოქმედებები დასაცინი გაეხადათ.

საბოლოოდ, დაახლოებით ერთ თვიანი გამოძიებისა და აჟიოტაჟის შემდეგ, ჩეხეთმა ერთი შეხედვით საკვირველი დეტალები გაასაჯაროვა. ოფიციალური პირების თქმით, მათ რუსეთის საელჩოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაგეგმილი თავდასხმის თაობაზე ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. თანაც ეს განგებ იმის გამო გააკეთა, რომ თავის უშუალო უფროსს იყო გადაკიდებული. თითქოს და დაუჯერებელია-რუსი დიპლომატი, ჩეხეთში თავისი უფროსის, ანდრეი კონჩაკოვის წინააღმდეგ მასპინძელი ქვეყნის სპეცსამსახურს ინფორმაციას აწვდის და მის „ჩაძირვას“ ცდილობს. ნინიას ბაღი ხომ არ არის? ბუნებრივია, ამ ვერსიის გამო, რუსეთის ხელისუფლებამ და პროპაგანდისტულმა მედიამ ისევ დაიწყო ჩეხი ჩინოვნიკების „ბულინგი“ და დაცინვა. ამბობდნენ, რომ ჩეხებმა ზღაპარი მოიგონეს, რადგან რუს დიპლომატი კოლეგაზე „დანოსს“ არ დაწერდა, არ „ჩაუშვებდა“. მოკლედ, კრემლს ეს ვერსია სასაცილოდ არ ეყო.

თუმცა, ამ დაცინვის მიღმა, გამოჩნდა ინფორმაცია, რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ რა კატეგორიის ხალხი ჰყავთ სინამდვილეში რუსებს „დიპლომატიურ“ სამსახურებში დასაქმებული. ეს აჩვენებს, რომ სინამდვილეში რუსი „დიპლომატები“ და შეთავსებით სპეცსამსახურის თანამშრომლები საკუთარი ქვეყნისთვისაც კი არიან საშიშები.

რუსული პროსახელისუფლებო რესურსი “ВЗГЛЯД“ ვრცელ სტატიას ჩეხეთში მომხდარი სკანდალის შესახებ წერს, სადაც მეტ წილად ჩეხების არაპროფესიონალიზმზე აკეთებს აქცენტს და მათ განცხადებებს დასცინის. თუმცა, აქვე გვხდება საინტერესო პასაჟი, რომელიც ფაქტიურად იმის აღიარებაა, რომ ჩეხეთის სუვერენულ სახელმწიფოს რუსების დასაცინი არაფერი აქვს. ფაქტიურად, დასტურდება, რომ რუსეთის საელჩოში კონფლიქტი უფროსს და ხელქვეითს შორის ნამდვილად იყო და რუსი ე.წ დიპლომატები საბავშვო ბაღის დონეზე არიან. როგორც ირკვევა, რუსეთის საელჩოს მეორე გაძევებული თანამშრომელი ვინმე იგორ რიბაკოვია, რომელიც კონჩაკოვის დაქვემდებარებაში მუშაობდა.

სტატიაში ნათქვამია, რომ რიბაკოვმა „ეფ-ეს-ბე“-ს აკადემია დაამთავრა და არა დიპლომატიური სასწავლებელი ( რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კრემლს დიპლომატიური საფარის ქვეშ სპეცსამსახურების თანამშრომლები ჰყავთ დასაქმებული). ამას გარდა, თავად „ВЗГЛЯД“-ის ავტორები აღიარებენ, რომ მათი წყაროს ინფორმაციით, რიბაკოვს მოსკოვიდან გამოგზავნილი, ახალგაზრდა უფროსის ადგილის დაკავება სურდა და ამ ნიადაგზე მათ შორის ნამდვილად არსებობდა კონფლიქტი. ასევე, თავად რუსული მედია აღიარებს, რომ ჩეხეთის დაზვერვას რუსეთის საელჩოში ინფორმატორი ჰყავს. საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ რუს „ეფესბეშნიკ“-ს იმდენად სძულდა თავისი უფროსი, რომ დააბრალა, თითქოს და ის ჩეხი პოლიტიკოსების მოწამლვას აპირებდა. მოსკოვში დაბრუნებულ და კარიერა გაფუჭებულ ტანდემს უკვე თურმე შესაბამის კითხვებსაც უსვამენ და აუცილებლად „დასჯიან“ კიდეც. მაგრამ, მათ რაც არ უნდა დაეშავებინათ, მოსკოვი მაინც ოფიციალურად ამბობს, რომ ყველა სხვა მტყუანია და თავად ახლაც მართლები არიან.

სერგო თვალჭრელიძე

ახალი ამბები

სხვა სიახლეები