"შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული არ მახსოვს, რომ ბიუჯეტის შემოსავლების 54% ვალით და გრანტით ყოფილიყო ფორმირებული"
15/06/2020 09:45:50 ეკონომიკა
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ექს–პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დროიდან არ ახსოვს, რომ "ბიუჯეტის შემოსავლების 54% ვალით და გრანტით ყოფილიყო ფორმირებული".
„საბიუჯეტო ოფისი იყო პარლამენტში დაფუძნებული 1998 წელს და ვიყავი მისი წევრი, თუმცა მანამდეც მქონდა ბიუჯეტთან კავშირი. შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული არ მახსოვს, რომ ბიუჯეტის შემოსავლების 54% ყოფილიყო ფორმირებული ვალით და გრანტით, ანუ არა საკუთარი წყაროებით. იმ პერიოდშიც შემოსავლების დიდი ნაწილი მოდიოდა მსოფლიო ბანკის გრანტებით, მაგრამ მხოლოდ 46% რომ ყოფილიყო ბიუჯეტის დაფინანსების საკუთარი წყარო, ასეთი არ მახსოვს. ლარის შემოღების შემდეგ ასეთი რამ არ მახსოვს. 16-მილიარდიან ბიუჯეტში 8 მილიარდი არის ვალი, 560 მლნ არის გრანტი, ანუ ბიუჯეტის 54% ფორმირებული არის ნაჩუქარი და ნასესხები თანხებით. ამას უმძიმესი გავლენა ექნება მომავალში როგორც ეკონომიკის ზრდაზე, ასევე მომავალი წლის ბიუჯეტზე“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
9 ივნისს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან მოზიდული დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარის სესხი, შესაძლოა მთავრობამ მიმდინარე წელს არ დახარჯოს. მინისტრის თქმით, ამ მოცულობის სესხის აღება მთავრობამ უფრო ცუდი სცენარის მოლოდინის გამო გადაწყვიტა და თუ ეპიდსიტუაცია არ გართულდება, საგარეო ვალის ნაწილი 2021 წელს დაიხარჯება.


