
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ-ინფიცირების კიდევ ორი ახალი შემთხვევაა
15/06/2020 09:53:39 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ-ინფიცირების კიდევ ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ორივე ინფიცირებული კვლავ რუსეთიდან დაბრუნებული კურსანტია.
“იუგოსპოტრებნადზორის” თავმჯდომარის მოადგილის ანა გაგლოევას ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 49 ტესტირება ჩატარდა და ორ შემთხვევაში ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა.
სულ ოკუპირებულ რეგიონში ამ დრომდე 2000-მდე ტესტია ჩატარებული.
კოვიდ-ინფიცირების პირველი სამი შემთხვევა 5 მაისს აღირიცხა. იმ დროიდან დღემდე 78 ინფიცირებული გამოვლინდა. გაგლოევას ინფორმაციით, ინფიცირებულთაგან დაახლოებით 40% ამ დროისთვის უკვე გამოჯანმრთელებულია. ცხინვალის ინფექციურ კლინიკაში რჩება 38 პაციენტი, სულ სამედიცინო დაწესებულებები – 136, შინ თვითიზოლაციაში – 26 მოქალაქე, მედიკოსების დაკვირვების ქვეშ - 245.