
"ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობას სავარაუდოდ, დღეს დატოვებს"
17/06/2019 04:03:27 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პოსტს სავარაუდოდ, დღეს დატოვებს,– იუწყება "რუსთავი 2". მისი ცნობით, შეერთებული შტატებიდან დაბრუნებული პრემიერი ჯანდაცვის მინისტრს დღის ბოლოს შეხვდა.
დავით სერგეენკოს შემცვლელად არაოფიციალური ინფორმაციით, საჩხერის კლინიკის დირექტორის ეკატერინე ტიკარაძის კანდიდატურა განიხილება, თუმცა ამ ინფორმაციას არც პირად საუბრებში და არც ოფიციალური კომენტარის დროს მმართველი გუნდის წევრები არ ადასტურებენ.
სერგეენკოს ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უწყებაში საკადრო ცვლილებები. მინისტრის პირველ მოადგილედ ესტონეთში საქართველოს ყოფილი ელჩი თეა ახვლედიანი დაინიშნა.
განახლება: დავით სერგეენკო არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას მის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ.
“ნებისმიერი ცვლილება მინისტრთა კაბინეტში არის პრემიერის პრეროგატივა. მან უნდა მიიღოს ამის შესახებ გადაწყვეტილება და განაცხადოს. ნუ წავართმევთ მას ამ შესაძლებლობას. მე ვერც დაგიდასტურებთ და ვერც გამოვრიცხავ. იმის გათვალისიწნებითაც კი, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესია, ეს არის პრემიერ-მინისტრის მისაღები გადაწყვეტილება”, – განუცხადა სერგეენკომ “რუსთავი 2”-ს.