
სოფელ ლაბრას მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთში ვითარება კვლავ დაძაბულია
15/06/2020 13:51:40 კონფლიქტები
ბოლო ორი დღის განმავლობაში სოფელ ლაბრაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება კვლავინდებურად დაძაბული რჩება. დღეს დე ფაქტო შს მინისტრ დიმიტრი დბარს ვეტერანებმა მიმართეს.«შევიტყვეთ 13-14 ივნისს სოფელ ლაბრაში განვითარებული მოვლენების შესახებ. ეს ყველაფერი სოფლის რწმუნებულად საეჭვო რეპუტაციის მქონე პირის – არუთ მელქონიანის დანიშნვას უკავშირდება. უნდა აღინიშნოს, რომ იმავე პირის დანიშნვას 2011 წელსაც მღელვარება მოჰყვა. მაშინაც, როგორც ახლა, ადგილობრივები მელქონიანს ნარკოტიკებით ვაჭრობაში ადანაშაულებდნენ. ახლო წარსულში რეალიზების მიზნით კანაფის მოყვანა ამ ოჯახის მთავარ ბიზნესს წარმოადგენდა. სოფლის ყოფილი რწმუნებული, აფხაზეთის გმირი სუმბათ ქერსელიანი თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგა, რადგან ამჟამინდელ ხელისუფლებას მხარს არ უჭერდა. მას ეს თანამდებობა არ “უყიდია”. ხელისუფლებას, რაღა თქმა უნდა, უფლება აქვს, დანიშნოს ის, ვისაც საჭიროდ მიიჩნევს, ოღონდ ნარკომოვაჭრეები არა!» - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც «Нужная газета» ავრცელებს.
13 ივნისს, საღამოს მელქონიანთან ოჯახში რამდენიმე პირი მივიდა, უმთავრესად – ვეტერანები. სტუმრებმა მას ახლო წარსული შეახსენეს და განუცხადეს, რომ ადგილობრივთა მხარდაჭერას ვერ მოიპოვებდა. შეკრებილებს შორის ხელჩართული ჩხუბი დაიწყო. მელქოლიანმა ავტომატიდან ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც იგი ცემეს.
ოჩამჩირეს დე ფაქტო შს რაიონული განყოფილების თანამშრომლებმა ამასთან დაკავშირებით სოფელ ლაბრას 10-მდე მკვიდრი და სტუმარი დააკავეს. დაკავებულ იქნა სუმბათ ქერსელიანიც, რომელიც ამ მოვლენების დროს სოხუმში იმყოფებოდა, თუმცა მელქონიანთან მისულებს შორის იყო მისი ვაჟი.
«თუკი შვილის გამო მამას აგებინებთ პასუხს, მაშინ იქნებ პირიქითაც გავაკეთოთ? მაგალითად, მთელს აფხაზეთში ცნობილი კოლაბორაციონისტის - დათკა ფიფიას ვაჟი პრეზიდენტის თანაშემწედ რატომ დაინიშნა? აგებინეთ შვილს პასუხი მამის ქმედებებზე აფხაზი ხალხის სამამულო ომის პერიოდში!», - აცხადებენ ვეტერანები.
მეორე დილით გაგრიდან ადგილზე არუთ მელქონიანის ნათესავი – ვაჩეგან ავეთიანი ჩავიდა და ადგილობრივთა თანდასწრებით შეახსენა თავის ნათესავს, რომ იგი უახლოეს წარსულში “კანაფს ავტომობილებზე ცვლიდა”. მელქონიანმა ეს ასევე საჯაროდ აღიარა, თუმცა განაცხადა, რომ ეს “შორეულ წარსულში იყო”. ამას კვლავ ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა და მილიციამ ახლა ავეთიანი დააკავა.
ვეტერანების განცხადებით, ამ ისტორიაში დაკავებულია ყველა, თავად ლაბრას რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის გარდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი ერთადერთია, ვინც იარაღი გამოიყენა.
დილით სუმბათ ქესელიანი და კიდევ ორი დაკავებული გაათავისუფლეს, დანარჩენები კი გულრიფშსა და სოხუმში გადაიყვანეს.
«გვესმის, რომ ხულიგნობა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები კანონით უნდა ისჯებოდეს, მაგრამ როცა საუბარია თუნდაც ერთი დღე-ღამით აფხაზეთის გმირის დაკავებაზე, თანაც თუ ის შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა, ამაში პოლიტიკური დევნის ნიშნებს ვხედავთ. მით უფრო, რომ ამ ოჯახების მისამართით ისმის მუქარები მეზობელი სოფლებიდან, ამჟამინდელი ხელისუფლების მომხრეების მხრიდან. მივმართავთ ოჩამჩირეს რაიონის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს, გადახედოს მელქონიანის თანამდებობაზე დანიშნვის გადაწყვეტილებას და პოლიტიკური ოპონენტების დევნა შეწყდეს», - ნათქვამია ვეტერანების მიმართვაში.