
ვარკეთილის ბაზრობის ერთ–ერთი მეწილე – ხანძარზე: „პროკურატურა და ფინანსური უნდა დაინტერესდეს!“
15/06/2020 20:27:37 სამართალი
ვარკეთილის ბაზრის ერთ–ერთი მეწილე ზანდა მსხვილიძე მოითხოვს, რომ ბაზრის ტერიტორიაზე დღეს გავრცელებული ხანძრით პროკურატურა და ფინანსური პოლიცია დაინტერესდეს.
„დღევანდელი მოვლენების შემდეგ პროკურატურა, ფინანსური უნდა შევიდეს ბაზრის ტერიტორიაზე და დაიწყოს გამოძიება, რატომ გაჩნდა ხანზარი, რატომ არ იყო უსაფრთხების ნორმები დაცული?!
მსხვილი პარტნიორების მხრიდან ხდება მცირე პარტნიორების „ჩაგდება“. ამ ქვეყანაში სამართალს ვერ ვპოულობთ. დომინანტი პარტნიორების მხრიდან წილების, უკაცრავად ჟარგონისთვის და „ახევა მიმდინარეობს. დიდი ეჭვი მაქვს, რომ მათ ბაზრობის არსებობა არ სურთ და უნდათ, წამოჭიმონ დიდი შენობები და ამ ხალხს [მოვაჭრეებს]ქუჩაში დარჩენა ემუქრება. ამ პროცესში ჩართულები არიან ფინანსურის თამაშრომლები, მამუკა მდინაარძის [საპარლამენტო უმრავლესობის წევრი]საადვოკატო ბიურო“,– განაცხადა მსხვილიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
ცნობისთვის: ბაზრის მეწილეებს შორის დავა მიმდინარეობს. დღეს, 15 ივნისს შედგა ერთ–ერთი სასამართლო პროცესი წილების იძულებით დათმობასთან დაკავშირებით. ბაზრობას ჯამში რვა მეწილე ჰყავს.
ვარკეთილში, ბაზარში ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. დამწვარია 1000 კვ.მ-მდე ფართობი. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ დროისთვის ცეცხლის კერების ჩაქრობა მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ზარალის დათვლა ხვალიდან დაიწყება და მოქალაქეებს, რომელთაც ფინანსური ზარალი მიიღეს, სახელმწიფო დაეხმარება.
განახლება
ხანძართან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა შსს–მ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ – „112“-ში შემოვიდა შეტყობინება რომ თბილისში, ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე, შერეული ტიპის ბაზრობაზე გაჩნდა ხანძარი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 130-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა შეტყობინების მიღებიდან ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა, რის შემდეგაც ცეცხლის ქრობა დაუყოვნებლივ დაიწყეს. ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, ასევე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
ადგილზე იმყოფებიან და ხანძრის ქრობის პროცესს პირადად ხელმძღვანელობენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი – თემურ მღებრიშვილი“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, პერიმეტრი სამართალდამცველებმა გადაკეტეს.
„ცეცხლი სასაწყობე ჯიხურებზე იყო გავრცელებული. პირველადი ინფორმაციით, დაიწვა ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთები.
იყო ცეცხლის ავტოგასამართ სადგურზე გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, მისი აფეთქების საფრთხე სრულად აღიკვეთა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.