
შსს–მ ვარკეთილში, ბაზარში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა
15/06/2020 21:07:19 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვარკეთილში, ბაზარში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღძრა, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ამის შესახებ შსს–ს გაცხადებაშია ნათქვამი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ – „112“-ში შემოვიდა შეტყობინება რომ თბილისში, ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე, შერეული ტიპის ბაზრობაზე გაჩნდა ხანძარი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 130-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა შეტყობინების მიღებიდან ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა, რის შემდეგაც ცეცხლის ქრობა დაუყოვნებლივ დაიწყეს. ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, ასევე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
ადგილზე იმყოფებიან და ხანძრის ქრობის პროცესს პირადად ხელმძღვანელობენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი – თემურ მღებრიშვილი“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, პერიმეტრი სამართალდამცველებმა გადაკეტეს.
„ცეცხლი სასაწყობე ჯიხურებზე იყო გავრცელებული. პირველადი ინფორმაციით, დაიწვა ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთები.
იყო ცეცხლის ავტოგასამართ სადგურზე გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, მისი აფეთქების საფრთხე სრულად აღიკვეთა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა“, – აცხადებენ შსს-ში, თუმცა ცნობილია, რომ ნსუბუქად დაშავდა ორი პირი: მეიჯარე და პოლიციელი.