
ვარკეთილის ბაზრის 4 000 კვ.მ–მდე ფართობი დაიწვა
16/06/2020 06:20:32 სამართალი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ოთარ კერესელიძე აცხადებს, რომ ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
მისივე თქმით, დამწვარია 4 000 კვ.მ–მდე სასაწყობე ჯიხურები.
„ადგილზე უსაფრთხოების მიზნით რჩება კიდევ სამი სახანძრო ავტოცისტერნა. მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველებს მოუწიათ ადგილზე ყოფნა. ამ დრომდე დაშავებულის შესახებ ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს“,- განაცხადა კერესელიძემ.
კერესელიძე ვარაუდობს, რომ ხანძარი თავდაპირველად შენობის შუა ნაწილში გაჩნდა:
„პირველადი დათვალიერებით, ჯერ ვერ მოგახსენებთ, ხანძარი რამ გამოიწვია. ადგილზე არიან შესაბამისი სამსახურები, რომლებიც დაადგენენ ხანძრის გამომწვევ მიზეზს. ხანძარი სავარაუდოდ შუა ნაწილში განჩნდა. გვქონდა ინფორმაცია, რომ ასევე ინახებოდა ადვილად აალებადი ნივთები, მოგეხსენებათ, გვერდით არის ბენზინგასამართი სადგური. გვქონდა ინფორმაცია, რომ ინახებოდა ფოიერვერკები.
აბსოლუტურად ყველა კერაზე თავიდანვე იყვნენ მისულები მეხანძრე-მაშველები, სადაც საჭირო იყო, მუშაობდნენ. რამდენიმე კერა იყო. რაც შეეხება მოვაჭრეების ტერიტორიაზე შეშვებას, როდესაც დამთავრდება საგამოძიებო სამუშაოები, ისინი შესვლას შეძლებენ“,- განაცხადა კერესელიძემ.