სროლა სტიქიურ მიტინგზე: დაღესტანში პოლიციასთან აზერბაიჯანელების შეტაკებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა

16-06-2020 11:59:39 კავკასია

დაღესტნის დერბენთის რაიონის სოფელ კულარის მიდამოებში, სადაც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საზღვრების ჩაკეტვის გამო სამშობლოში ვერდაბრუნებული აზერბაიჯანელების დროებითი ბანაკია განთავსებული, სტიქიურ მიტინგზე სროლა იყო. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

მიგრანტებმა, რომლებიც რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის მორიგი დერეფნის გახსნას ელიან, უკმაყოფილება გამოხატეს იმით, თუ როგორ ადგენენ აზერბაიჯანში გადასაშვებ პირთა სიებს. მორიგი ჯგუფი შინ დღეს – 16 ივნისს უნდა გამგზავრებულიყო.

"არიან ადამიანები, რომლებიც ამ ბანაკში 16 აპრილიდან იმყოფებიან, მაგრამ სიებში ამ დრომდე ვერ მოხვდნენ. სამაგიეროდ უშვებენ მათ, ვინც აქ მხოლოდ 5 დღის წინ აღმოჩნდა", - ასე განუმარტა "Кавказ.Реалии"-ს პროტესტის მიზეზი მიტინგის ერთ-ერთმა მონაწილემ, დაღესტანში აზერბაიჯანული დისპორის წარმომადგენელმა განი პანაევმა, რომელიც პროცესს უკვე რამდენიმე თვეა, კურირებს.

მისივე ინფორმაციით, სიებს ერთობლივად დაღესტნის საგანგებო სიტუაციათა სამსახური, აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტი და დერბენთის რაიონის ადმინისტრაცია ადგენენ.

ბოლო დღეებში ბანაკში არეულობები დაიწყო. ადგილზე მისულმა პოლიციამ ჰაერში ცეცხლი გახსნა, თუმცა ამან მდგომარეობა მხოლოდ კიდევ უფრო გაამწვავა და მოხდა რამდენიმე შეტაკება პოლიციელებთან. პანაევის ინფორმაციით, ორივე მხრიდან დაჭრილია რამდენიმე პირი.

  • აზერბაიჯანმა საზღვარი 5 აპრილს ჩაკეტა. დერბენთის რაიონში ქვეყნის რამდენიმე ასეულმა მოქალაქემ მოიყარა თავი და ამ დროისთვის ბანაკში აზერბაიჯანის 600-650 მოქალაქე იმყოფება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები