
კოალიცია “მედია ადვოკატირებისთვის” გაბუნიას საქმის თაობაზე მთავრობას მიმართავს
16/06/2020 09:57:01 სამართალი
კოალიციის “მედიის ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზეციები საგამოძიებო ორგანოებისგან "მთავარი არხის" ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის მომზადების საქმის ტაობაზე დროული და დასაბუთებული ინფორმაციის განსაჯაროებას ითხოვენ.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა. თუმცა ამ დრომდე უცნობია ხელისუფლების ხედვა ჟურნალისტის და მედიასაშუალების დაცვის გარანტიების შესახებ... ჩვენ არაერთხელ შევახსენეთ საქართველოს მთავრობას, რომ ჟურნალისტების უფლებების პატივისცემა და დაცვა განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოცანაა. გავრცელებული ინფორმაციაზე დროული და სათანადო რეაგირებით ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე ზრუნვა", -ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია “ფორმულამ”, შემდეგ კი “მთავარი არხმა” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. “მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გინების გამო გასულ წელს გაბუნიას გადამალვა ურჩია.
გვარამიას ბრიფინგის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაადასტურეს, რომ 12 ივნისს დაკავებულ რუსეთის მოქალაქესთან დაკავშირებით მართლაც მიმდინარეობს გამოძიება “შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე”. თუმცა სუს–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, კონკრეტულად ვის ლიკვიდაციაზეა საუბარი და სხვებსაც მოუწოდებს, "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან”.