Accentnews.ge
გიორგი გაბუნია: „საფრთხეს არ გადაუვლია!“

გიორგი გაბუნია: „საფრთხეს არ გადაუვლია!“

16/06/2020 11:44:21 სამართალი

ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია ამბობს, რომ ერთი პირის დაკავებით საფრთხე ამოწურული არ არის. საქმე მისი მკვლელობის დაგეგმვას ეხება.

„რა თქმა უნდა, საფრთხეს არ გადაუვლია. მთავარი, ვისგანაც ეს ყველაფერი მოდის, არის ვლადიმირ პუტინი [კრემლის ლიდერი] და მას შეუძლია, ნებისმიერი სხვა შეარჩიოს. შესაძლოა, როდესაც ეს ერთ შემთხვევაში არ გამოუვიდათ, მეტი საბაბიც ჰქონდეს, ყველას დაუმტკიცოს, რომ თუ მოინდომებს, გაკეთება შეუძლია. რაც მთავარია, საფრთხე მხოლოდ მე არ მეხება: მე საქართველოს ერთი რიგითი მოქალაქე ვარ. საფრთხე საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ეხება. ვიცით, რომ პუტინი თავის მტრებს პროფესიის მიხედვით არ არჩევს და არ არჩევსნ მხოლოდ საქართველოში – ეს გლობალური საფრთხეა. ერთი წლის წინ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ მე გავხდებოდი ამ გლობალური საფრთხის კიდევ ერთი მაგალითი. ვხედავთ, რომ ყველა ქვეყანაში ასე იქცევა პუტინი, ასე უსწორდება საკუთარ მტრებს“,– განაცხადა ტელეწამყვანმა „ტვ პირველის“ ეთერში.

მისი თქმით, მკვლელობის სისრულეში მოყვანა იქნებოდა მესიჯი, რომ „პუტინის წინააღმდეგ არათუ გალაშქრება, გადაბრუნებული სიტყვის თქმაც არ შეიძლება“.

როგორც გაბუნია აღნიშნავს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მას არავინ დაკავშირებია.

„ცოტა სკეპტიკურადაც ვარ განწყობილი, რომ საქართველოს ხელისუფლება გაბედავს რუსეთის საწინააღმდეგო ნაბიჯის გადადგმას. მადლობას ვუხდი ქართული სპეცსამსახურის წარმომადგენლებს, მაგრამ მათ ეს ნაბიჯი იმიტომ გადადგეს, რადგან იძულებულნი გახდნენ: ეს ყველაფერი უკრაინიდან დაიწყო და არ გამოდიოდა, მათ აქ ჩაეშალათ“.

15 ივნისს "მთავარი არხის" დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ პირი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 12 ივნისს დააკავა, არხის წამყვანის გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირიბად დაადასტურა.

გვარამია გაბუნიას მიმართ დაგეგმილ ლიკვიდაციის მცდელობას 2019 წლის 7 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინებას უკავშირებს. მაშინ გაბუნია "რუსთავი 2"-ში მუშაობდა და გადაცემა "პოსტსკრიპტუმი" მიჰყავდა.

ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ტელეკომპანიის შენობასთან რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა და გაბუნიას სიტყვები გააპროტესტა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქციელისთვის სათანადო შეფასება მიეცათ.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ დამალვა ურჩია, რადგან "არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს".

იხილეთ ასევე: შეკვეთილი მკვლელობა: რა ვიცით საქმისა და დაკავებული რუსეთის მოქალაქის შესახებ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S