
ჩვილის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დედა დააკავეს
16/06/2020 11:53:05 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 40 წლის ქალი ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სიღნაღში დააკავეს.
შსს–ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ქალმა მიმდინარე წლის 11 ივნისს, გამთენიისას, სოფელ ქვემო ბოდბეში იმშობიარა და პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი ამავე სოფლის ტერიტორიაზე დატოვა.
„შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს და ჩვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს“, - აცხადებენ შსს-ში.
დანაშაული თავისუფლების 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.