
"ქალთა სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ რაიმე ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბარი არ ყოფილა და არც იგეგმება"
16/06/2020 15:23:53 თავდაცვა, რეკლამა
ცალკეული მედია საშუალებების მიერ, ქალების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციას წარმოადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყებაში განმარტავენ, რომ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში მინისტრის მიერ გაკეთებულ მოხსენებაში საუბარი იყო ქალთა როლსა და მონაწილეობაზე თავდაცვის ძალების საქმიანობაში და ამ კუთხით მიღწეულ პროგრესზე.
“ასევე, სამინისტროს მიერ ქალებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების შექმნაზე, რათა მათ სურვილისამებრ შეძლონ ქვეყნის სამსახურში ყოფნა თავდაცვის ძალების შემადგენლობაში. შესაბამისად, ქალთა სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ რაიმე ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბარი არ ყოფილა და არც იგეგმება. მოვუწოდებთ მედია საშუალებებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდნონ მსგავსი გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.