
გიორგი გახარია: "ქვეყანაში აღკვეთილია უმძიმესი დანაშაული"
16/06/2020 18:59:55 სამართალი
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სუს-მა ქვეყანაში უმძიმესი დანაშაული აღკვეთა.ამის შესახებ პრემიერმა საქართველოს პირველი არხის ეთერში ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, "უნდა დავმშვიდდეთ და სამართალდამცავ სისტემას მივცეთ შესაძლებლობა, საქმე უსწრაფეს დროში გამოიძიოს".
„ისე გამოდის, რომ ბევრი მარჩიელობა ხდება ამ თემაზე. შემიძლია, გითხრათ, რომ ფაქტი, რაც გვაქვს აღკვეთილი ქვეყანაში, უმძიმესი დანაშაულია. მთავრობის თითოეული წევრის, პირველ რიგში სამართალდამცველი სისტემის უპირველესი მოვალეობაა, ჩვენი მოქალაქის, განსაკუთრებით ცნობილი ჟურნალისტის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული იყოს მაქსიმალურად სწრაფად გამოძიებული და შესაბამისად, ეს ინფორმაცია, აბსოლუტურად ღიად, ტრანსფარენტულად მიეწოდოს ჩვენს მოქალაქეებს. ეს უკიდურესი მნიშვნელობის საკითხია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველას კარგად გვესმის, რომ ასეთი მძიმე დანაშაულს კი არა, ბევრად უფრო მარტივ შემთხვევებს მოყვება უამრავი პოლიტიკური სპეკულირება და პოლიტიკური შლეიფი. გასაგებია, რომ ჩვენ საარჩევნო პროცესში ვართ, პოლიტიკური ტემპერატურა იწევს, ყველა შეეცდება, ამ საკითხის გამოყენებას თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის. სამწუხაროდ, ეს ფაქტია და ასე ხდება. თითოეულმა ჩვენმა სიტყვამ, ქმედებამ, შეფასებამ შესაძლებელია, რომ ზიანი მიაყენოს გამოძიებას. ჩვენი ამოცანაა, გვქონდეს სრულფასოვანი სურათი იმაზე, რაც მოხდა და რა აღკვეთა სამართალდამცველმა სისტემამ. უნდა დავმშვიდდეთ და მივცეთ სამართალდამცავ სისტემას შესაძლებლობა, საქმე სრულყოფილად, უსწრაფეს დროში გამოიძიოს და სრულყოფილი ინფორმაცია მოგვცეს. ამის შემდგომ გვექნება შესაძლებლობა, გავაკეთოთ სხვადასხვა სახის შეფასება. სამწუხაროდ, ამას პოლიტიკური იერსახე დასდევს მაშინ, როდესაც აღკვეთილია მძიმე დანაშაული და არ არის დასრულებული გამოძიება. უნდა გვეყოს მოთმინება, დაველოდოთ და ყველა სახის შეფასება გავაკეთოთ შემდგომ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია “ფორმულამ”, შემდეგ კი “მთავარი არხმა” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. “მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გინების გამო გასულ წელს გაბუნიას გადამალვა ურჩია.
გვარამიას ბრიფინგის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაადასტურეს, რომ 12 ივნისს დაკავებულ რუსეთის მოქალაქესთან დაკავშირებით მართლაც მიმდინარეობს გამოძიება “შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე”. თუმცა სუს–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, კონკრეტულად ვის ლიკვიდაციაზეა საუბარი და სხვებსაც მოუწოდებს, "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან”.
იხილეთ ასევე: შეკვეთილი მკვლელობა: რა ვიცით საქმისა და დაკავებული რუსეთის მოქალაქის შესახებ